ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურში დაკარგულ მარიკა სარიშვილს სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ამ წუთებში შსს-ს გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ მარიკა სარიშვილის ახლობლები და მეზობლები არიან შეკრებილი და სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
"ჯერ გვითხრეს, 24 საათში ყველაფერს გავაკეთებთო და ახლა ყურადღებას ნაკლებად გვაქცევენ. მე მარიკა სარიშვილის მამიდა ვარ და ვითხოვ დროულად მოიძებნოს ჩემი ძმისშვილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მარიკა სარიშვილის მამიდამ.
იქვე მყოფი დაკარგულის მეზობლები კი ახალ ვერსიაზე საუბრობენ. "4 სექტემბერს, დილის 11 საათზე ეს გოგო გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არაფერი ვიცით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამი დღის წინ დაბა ლაითურში "მერსედესის" მარკის მანქანა გამოჩნდა, რომელიც სხვა დროს არ შეგვიმჩნევია. ორ ჩვენს ნაცნობს მანქანაში მსხდომმა მამაკაცმა შესთავაზა, რომ ქალაქ ოზურგეთისკენ თუ მიდიოდნენ, წაიყვანდა, მაგრამ არ გაყვნენ. სავარაუდოდ, მარი ჩაჯდა ამ მანქანაში, რადგან მას დაბის სამარშრუტო ტაქსით არ უმგზავრია. მარიმ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ნარუჯაში ყოფნის დროს დედას და დას ერთდროულად გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მან მოახერხა სახლში დარეკვა და დედას შველას სთხოვდა. ეს ზარი, როგორც სამართალდამცველებისგან გავიგეთ, ბათუმიდან დაფიქსირდა", აღნიშნეს მარიკა სარიშვილის მეზობლებმა.
სამართალდამცვლები ამ წუთებში სარიშვილის ორ მეზობელს კითხავენ.