რუსეთის პრეზიდენტობაზე პრეტენზია ორჯერ განაცხადა, თუმცა ორჯერვე წარუმატებლად - ვერც 2000 და ვერც 2004 წელს ოფიციალური რეგისტრაცია ვერ გაიარა.
მოსკოვში დაბადებული, ქართული გვარის მქონე ანზორ კიკალიშვილი რუსეთში ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქართველი მილიარდერების ათეულში მოხვდა 1 მილიარდი დოლარით.
მართალია, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, მეწარმესა და მეცენატს, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატსა და მილიარდერ ანზორ კიკალიშვილს ოფიციალურად არავინ აღიარებს კრიმინალად, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ის საერთაშორისო სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო - აკრძალული ჰქონდა ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა, ლიტვაში ჩასული კი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და უკან, რუსეთში გააბრუნეს. თავად ანზორ კიკალიშვილი მის გარშემო ატეხილ ხმაურს ფილოსოფიურად უდგება - დრო ყველაფერს განსჯისო, ამბობს.
წლების წინ 66 წლის მილიარდერმა ქართული გვარი სწორედ რუსეთის პრეზიდენტობის სურვილს "შესწირა" და 2004 წელს აქსენტიევ-კიკალიშვილი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, საბოლოოდ ქართულ გვარზე უარი არ უთქვამს. უბრალოდ, ქართულ გვარს რუსულიც მიუმატა.
"ჩემი დიდი წინაპარი საუკუნეების წინ თბილისში დასახლდა და ცოლად დადიანების შთამომავალი ქალი შეირთო. დიდი სამამულო ომის დაწყებისას მამაჩემი, რომელიც იმხანად თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ომში მოხალისედ წავიდა. თავის დროზე რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამას" სწორედ მამაჩემისა და ბაბუაჩემის ისტორია დაედო საფუძლად. ისე მოხდა, რომ მამაჩემი და ბაბუაჩემი ერთმანეთს ომში შეხვდნენ და მერე ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ", - იხსენებს ანზორ კიკალიშვილი.
როგორც თავად ამბობს ძირძველი მოსკოველია, თუმცა არ უარყოფს თავის ქართულ ფესვებს და ამით ამაყობს კიდეც. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა პოლიტიკოსმა იურისტობა გადაწყვიტა და სარატოვის იურიდიულ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის ლექტორებიც გამომძიებლის ბრწყინვალე კარიერას უწინაწარმეტყველებდნენ. შემდეგ იყო სამხედრო სამსახური, რაიკომისა და მოსკოვის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორობა, რასაც 80-იან წლებში შედარებით საპასუხისმგებლო თანამდებობა მოჰყვა - ანზორ კიკალიშვილს ოლიმპიური თამაშების კულტურულ პროგრამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა.
ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანსწრაფული ანზორ კიკალიშვილი ყველა დავალებას ართმევდა თავს, შესაბამისად მისი კარიერული წინსვლა აღმავლობას განიცდიდა - მომავალი მილიარდერის შემდეგი "გატაცება" საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია აღმოჩნდა, სადაც ქართული გვარის ბიზნესმენმა დისერტაცია დაიცვა და რომ არა 80-იანი წლების ცვლილებები, როდესაც საბჭოეთის სოციალისტური ეპოქა კაპიტალისტურმა ჩაანაცვლა, ალბათ ანზორ კიკალიშვილიც დამსახურებული მეცნიერ-მუშაკი გახდებოდა. თუმცა, მან ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა და ბიზნესში წასვლა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი "ასოციაცია XXI საუკუნეს" , რომელიც ანზორ კიკალიშვილმა ქართველ ბიზნესმენ, "კრიმინალურ ავტორიტეტად" ცნობილ ოთარ კვანტრიშვილთან ერთად შექმნა.
ასოციაციციის საქმიანობის სფეროს, ძირითადად ქველმოქმედება და რუსული ესტრადის ვარსკვლავთა კონცერტების მოწყობა წარმოადგენდა. თავდაპირველად ორგანიზაციას ოთარ კვანტრიშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მისი მკვლელობის შემდეგ ორგანიზაციას ანზორ კიკალიშვილი ჩაუდგა სათავეში.