რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თაობაზე ვერ შეთანხმდებოდნენ, რადგან რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა "რია ნოვოსტისთან" საუბრისას აღნიშნა, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს კონფლიქტის მოგვარების საკითხი.
ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ გავრცელებული ინფორმაცია შეცვალა.
"პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განახლებულ განცხადებაში.
უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ცოტა ხნის წინ პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან 10 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით , ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კიბრიმ განაცხადა.
"აშშ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩრდილოეთის პერიმეტრზე რუსი სამხედროების დიდი ოდენობაა მობილიზებული. ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ საუბარია დაახლოებით 10 000 სამხედრო მოსამსახურეზე", - განაცხადა კიბრიმ.
მისივე თქმით, რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია სამხედროების შესაძლებლობები და მათი სიახლოვე უკრაინასთან.
პენტაგონმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში და მოსკოვს ტერორისტების დახმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
ამასთან, სეპარატისტებმა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ფაქტობრივად მთელ სამხრეთ ნაწილზე დაამყარეს კონტროლი. ამის შესახებ ინფორმაცია "საინფორმაციო წინააღმდეგობის" ჯგუფის კოორდინატორმა დიმიტრი ტიმჩუკმა გაავრცელა.
"მიმდინარე გადაჯგუფების ფარგლებში უკრაინული არმიის უკანდახევის შედეგად, რუსულ-ტერორისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ სამხრეთზე და ჩრდილოეთის მიმართულებით უტევენ", - განაცხადა ტიმჩუკმა.
მისივე თქმით, დონბასში სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია, ვინადან რუსი სამხედროები და ადგილობრივი სეპარატისტები ცდილობენ, კონტროლი დაამყარონ დონეცკის ოლქზე - დონეცკიდან მარიუპოლამდე.