უახლესი ინფორმაცია | ლაშა მახარაძის მკვლელის ვინაობა დადგენილია: შსს-ს პირველი კომენტარი
25 წლის ლაშა მახარაძის (კოშკას) მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. ვრცელდება რამდენიმე ვერსია – მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, მკვლელთან უთანხმოება თავად ლაშას ჰქონდა. მეორე ვერსია კი ასეთია – მოკლულის მეზობლები ვარაუდობენ, რომ პირს, რომელმაც მახარაძე მოკლა, თავის დროზე უთანხმოება ჰქონდა მოკლულის ძმასთან, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ოჯახთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.
Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელიც ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მკვლელობისთვის ადრეც ნასამართლევია.
წყაროს ინფორმაციით, მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიღომში, დაახლოებით 5 წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს და აღნიშნული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ამნისტიის შედეგად კი ციხე დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის ოჯახი ფალიაშვილზე ცხოვრობს და ამავე უბანში ცხოვრობს ეჭვმიტანილიც.
მეზობლების ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოკლული ლაშა მახარაძე პატიმრობიდან ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ერთ-ერთი ვერსიით, მახარაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი და სასჯელი სრულად მოიხადა.
მოკლულის მეზობლებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ, ნასამართლევი იყო ლაშა მახარაძის ძმა, რომელიც გასულ წელს ოჯახთან – მეუღლესთან და 7 წლის გოგონასთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.
რაც შეეხება მკვლელობის ადგილს, აბაშიძის ქუჩაზე #50-თან, ორი საცხოვრებელი კორპუსის შუაში, სადაც საავტომობილო გზა შედის, როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძესთან ავტომობილით მივიდა მკვლელი, გაესაუბრა და ორჯერ გაისროლა. ადგილზე სხვა - "გოლფის" მარკის ავტომობილიც იდგა, რომელსაც სავარაუდოდ, დაჭრილი მახარაძე დაეცა. ავტომობილი მთლიანად სისხლიანი იყო და სამართალდამცველებმა მას ექსპერტიზა ჩაუტარეს. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, ლაშა მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მომხდარი მკვლელობის თაობაზე. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge
იხილეთ ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან
ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე