წლების წინ რომ გამოჩნდა, მაშინვე გაიცნეს, აიტაცეს და შეიყვარეს. საოცრად პოპულარული იყო, თინეიჯერებს კერპად მიაჩნდათ. ქართული რეპის კეთილი წარმომადგენელი იყო... რაღაც თავისი სამყარო ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ფილოსოფოსია, ამასთან, პოეტიც. ერთი პერიოდი პოლიტიკურადაც გააქტიურდა...
რამდენიმე წლის წინ კი დაოჯახდა, ცოლად მშვენიერი უკრაინელი გოგონა მოიყვანა. ბოლო წლებში კი ავანსცენიდან გაქრა. პრესასთანაც აქტიურად აღარ ურთიერთობს და ამიტომ ბევრს ჰქონია, რომ საქართველოში არც არის, არადა, აქ არის... მაშ ასე, ლექს-სენი, იგივე ლექსო ქავთარაძე.
- ერთ დროს ძალზე პოპულარული ადამიანი დღეს და უკვე რამდენიმე წელია, ასე ვთქვათ, თვალს მოეფარე. რატომ? როგორც შემოქმედს არაფერი გაქვს სათქმელი?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში დამღლელია პოპულარობა და ვხვდები, ეს დასვენება გაცილებით საჭირო, გაცილებით ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე პოპულარობა. ნეტავ, რამეში იცვლებოდეს, გავცვლიდი სიამოვნებით. როგორც შემოქმედს, სათქმელი მუდამ მაქვს, მაგრამ არ არის "ის და ისინი", ვისაც უნდა უთხრა. როცა შენ იზრდები და მასა - ვერა, იქ აღარ უნდა თქვა არაფერი, უბრალოდ - დაიღლები.
- რას საქმიანობ და როგორ ცხოვრობ?
- ვაკეთებ ისევ იმას, რასაც აქამდე. ვცხოვრობ ჩემს ლამაზ ოჯახთან, ვფიქრობ, როგორ შევუქმნა წესიერი მომავალი შვილს, რომელიც ჯერ 4 წლის არის. მაგრამ უკვე ვფიქრობ, რადგან ამის საჭიროება სამწუხაროდ არის...
- პოპულარობის პიკში რომ იყავი, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. განათლებული და მოაზროვნე ადამიანი ხარ, ფილოსოფოსი. საინტერესოა, რას იტყვი ახლანდელ ხელისუფლებაზე? მოგწონს მათი საქმიანობა?
- აი, ეს პოლიტიკა და ხელისუფლებები ხომ ვერ მომაშორა ვერც ერთმა ჟურნალისტმა?! აბა, რა გითხრა, კარგად ვიცი, რომ ჩემი სიტყვა წონადია ამ შემთხვევაში, მაგრამ იმდენი გავისროლე, რომ ჯერ მარაგი მაქვს ასაღები... ამ თემაზე მოდი, ჯობია, გავიარეთ...
- ხელისუფლებაში, მთავრობაში მოსვლა არასდროს გდომებია?
- რომ გითხრა, პოლიტიკაში სიამოვნებით მოვიდოდი-მეთქი, - არა. იძულებით მოსვლაზე კი მიფიქრია, ისიც იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამეგო, ნუთუ ასე ძნელია, გქოდნეს ფული და ვერ თუ არ აკეთო საქმე სწორად, პრიორიტეტებს ვგულისხმობ. პატარა ქვეყნის დალაგება ადვილად შეიძლება, ძალიან ადვილია, რომ ქვეყანაში წყალი ჰქონდეს ყველას, ზამთარშიც და ზაფხულშიც, ძალიან ადვილია, რომ მოაწესრიგო საზოგადების გადაადგილება და მოძრაობა ქვეყანაში ანუ საგზაო წესრიგი... მოკლედ, რომ ვთქვა, რაც მახსოვს, შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, ყველა მთავრობა ამბობდა, რომ "ჩვენ ვაშენებთ და ვაყვავებთ ქვეყანას". მე დავბერდი უკვე და რით ვერ აშენდა ეს ქვეყანა? ეს რა ფოკუსია ასეთი, ვერ გავიგე...
ახალ ალბომში მაქვს ასეთი ახალი სიმღერა, რომელიც მივუძღვენი ამ თემას და ჰქვია "პოლიტიკოსი"...
- არა მარტო რეპერი, პოეტიც ხარ და შენი ლექსებიც (ადრეული წლების) წაკითხული მაქვს. ისევ წერ ლექსებს?
- მუზა მეტ-ნაკლებად მოდის, მაგრამ მაინც ვწერ.
- წიგნის გამოცემაზე არასდროს გიფიქრია?
- ალბათ ოდესმე ესეს გამოვცემ (ღიმილით ამბობს).
- ბედი უკრაინელ ქალბატონს დაუკავშირე და მასთან ერთად შექმენი ოჯახი. მეუღლემ თუ ისწავლა ქართული?
- კი, ნამდვილად ასეა, მყავს ძალიან კარგი მეუღლე, ქართული თითქმის ისწავლა, ყველაფერი ესმის და კიდევ ბევრს ისწავლის, მონდომებულია. მეც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგი მეუღლე ვიყო, ჩემი ერთგვარი ინერტულობა სცენაზე აქტიურობას ვგულისხმობ, ამასაც უკავშირდება, რომ ძირითადად ოჯახზე ვარ გადართული.
- რას გვეტყვი შვილზე, შენს ვაჟზე? თუ იცის, რომ მამამისი წლების წინ პოპულარული რეპერი იყო, რომელიც დარბაზებს მაყურებლებით ავსებდა?
- ილუშკა, როგორც უკვე ვთქვი, უკვე 4 წლის არის. ვცდილობ, ყოველდღე რაღაც ვასწავლო, ჩემ სიმღერებს უსმენს. ვატყობ, რომ მოსწონს და მსიამოვნებს, ამბობს, რომ მამა რეპერია. შენ ლექს-სენი ხარ? - მეკითხება (სიცილით ამბობს).
- თუ ხარ საქმის კურსში, ქართულ რეპში რა მდგომარეობაა?
- სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ხდება ისევე, როგორც ზოგადად, შოუბიზნესში, ქართული რეპის სეიფის ერთი გასაღები დავტოვე სეიფთან... მეორე მე მაქვს (სიცილით ამბობს)...
- როგორც რეპერი, ბერას თუ იცნობ და თუ შეხვედრიხარ მას? მოგწონს მისი ნამუშევრები?
- კი, ვიცნობ, ძალიან ბევრჯერ შევხვედრივარ. ნამუშევრებიც მომწონს, (თუ რატომ, ამას თქვენ მიხვდით) განსაკუთრებით "ჰიპ-ჰოპ ვალსი" და "ქართული ოცნება"...
- საბოლოოდ რა გეგმები გაქვს და რას ურჩევდი მათ, ვისაც შენგან რაიმე რჩევის მიღება ამა თუ იმ საკითხზე არ გააღიზიანებთ...
- სამომავლო გეგმები: ერთ ძველი ქართული სიმღერის რიმეიქზე ვმუშაობ, თვის ბოლოს მოვრჩები და მოისმენს ყველა... რჩევას რაც შეეხება, ხომ იცით, რომელი საუკუნეა? ვაკეთოთ ყველამ ჩევნი საქმე, სხვის ჯიბეში ხელს ნუ ჩავყოფთ, როცა წინ მივდივართ, წინ ვიყუროთ და არა აქეთ-იქით, ჩვენს მიწაზე ნაგავს ნუ დავყრით, წითელზე ვჩერდებით, მწვანეზე ვმოძრაობთ. გაჭირვება კი არის ქვეყანაში, მაგრამ მაინც ვეცადოთ, რომ მეტი პოზიტიური აზრი მივცეთ ცხოვრებას...
P.S. საუბრის ბოლოს ლექსომ მისი ახალი ლექსი წაგვიკითხა.
იხილეთ ფოტოგალერეა | ლექს-სენის ოჯახური ალბომი
დავმარცხდი? დავყარე ფარ-ხმალი
და ალბათ ყველა მე დამცინის,
სიტყვები მრავალჯერ ნახმარი
გავაქრე, თან მზერაც არწივის.
აღარ მაქვს სიცოცხლის ხალისი
და აღარც ამ გრძნობებს ვეხები,
დაგლოცავთ, ეს ერთიც დავისხი,
წავალ და გადავიჩეხები.
ბილიკებს ძალისძალ მივათრევ,
აღარავინ მთვლის ძმობილად.
როდემდე დავმალოთ სიმართლე?
სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა?
დაფიქრდი, - მერე ვინ იბრძოლებს?
მერე ვის დასტანჯავს თვალები?
მაინც ეს ღიმილი მიცოცხლეთ,
ხანაც მკლავთ და არ გებრალებით.
სიკვდილიც არ მინდა უშენოდ,
სულელი ავყევი ბოდიალს.
ვიბრძოლებ, რომ შენ გულს ვუშველო,
ვიბრძოლებ, ბოლომდე მოვდივარ...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის