უკრაინის ხელისუფლება აშშ-სა და ნატოს სთხოვს, დონბასში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, სამხედრო ავიაცია გაგზავნონ. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონურ საინფორმაციო სააგენტო "РАР"-თან საუბარში პოლონელმა მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
"კიევს სურს, აშშ-მ და ნატომ რუსეთთან კონფლიქტში ისეთივე მონაწილეობა მიიღონ, როგორც ამას აკეთებენ ქურთისტანში, სადაც ახორციელებენ სამხედრო ავიაციით ფრენებს ისლამურ სახელმწიფოზე", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
თუმცა, სააგენტოს ანონიმური რესპოდენტის ცნობით, უკრაინა არ უნდა ელოდოს, რომ უელსის სამიტზე კიევი რაიმე სახის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს. მისივე განცხადებით, სამიტის მონაწილეები განიხილავენ საკითხს უკრაინაში იარაღის მიწოდების შესახებ.