რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გააჩნია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჟოზე მანუელ ბაროზუს სატელეფონო საუბრის როგორც წერილობითი, ისე აუდიოჩანაწერი და მზადაა მისი შინაარსი გამოაქვეყნოს ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის ევროკომისიის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში.
"ბოლო დღეებში ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის იტალიურმა გაზეთმა "La Repubblica" გამოაქვეყნა პრეზიდენტ პუტინთან თქვენი სატელეფონო საუბარი, რომელიც გასულ პარასკევს შედგა. სტატიაში ნათქვამია, თითქოს თქვენ საუბრის შინაარსი გაუზიარეთ ევროსაბჭოში თქვენს რამდენიმე კოლეგას და რუსეთის პრეზიდენტს მიაწერეთ ის სიტყვები, რომლებიც აშკარად კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. დარწმუნებული ვარ, ამ დონის კონფიდენციალური საუბრის გაცხადება მიღებული დიპლომატიური პრაქტიკის ფარგლებს საკმაოდ სცდება", - აღნიშნულია წერილში.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გააჩნია ამ სატელეფონო საუბრის როგორც წერილობითი, ისე აუდიო ჩანაწერი. "გაუგებრობის მოსახსნელად ადმინისტრაცია მზად არის, მთლიანად გამოაქვეყნოს მისი შინაარსი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უახლოესი ორი დღის განმავლობაში არ შეგვატყობინებთ, რომ არ ხართ ამის წინააღმდეგი", - ნათქვამია წერილში.