ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატივისა და ღირსების შელახვისათვის იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, რომლებმაც მისი შვილის სახელი "სქაი ბარის" დიჯეის, დაჩი დარჩიას მკველელობის საქმეს დაუკავშირეს.
როგორც ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი, რატი მილორავა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისში საერთოდ არ ყოფილა, ბოლო კვირას კი რატი მილორავა ქობულეთში სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" იმყოფებოდა. დეპუტატის თქმით, მან სასტუმროს ადმინისტრაციას მისცა უფლება გაასაჯაროვოს რატი მილორავას სასტუმროში ყოფნის დამადასტურებელი ინფორმაცია.
"ამ ქვეყანაში მე მავალია ადამიანის უფლებების დაცვა. ამ ადამიანებს შორის არის საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე რატი მილორავა. მან საკმაოდ ბევრი ტრავმა მიიღო ჩემს გამო და მგონი, საკმარისია მასზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევების განხორციელება. აქ არაფერი თავის სამართლებელი არ არის და არც ასახსნელი - ის თბილისში არ ყოფილა, უკვე თვეზე მეტია. რამდენიმე თვეა საერთოდ არ ჩამოდის. კონკრეტულად ბოლო კვირა აჭარაში იყო. რაც დაიწერა და გავრცელდა, ძალიან მიკვირს, რომ ტელევიზიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა ორღობის ჭორის დონეზე გავრცელებული მეზღაპრეობა. მე მაქვს მარტივი პასუხი - ყველა იმ პასკვილზე და ცილისწამებაზე, საქართველოს ერთი მოქალაქის, ამ პატარა ბიჭის მიმართ მიყენებულ შეუარაცხყოფისთვის და ცილისწამებისთვის სასამართლოში მიბრძანდებიან და იქ აგებენ პასუხს. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ამით უნდა დამკვიდრდეს ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც თავის თავს მედიის ნაწილს უწოდებს და თავს უფლებას აძლევს, მათ მიერ გამოგონილი ვერსიით, ზრაპრებით, ტყული და ბინძური ცილისწამებით ადამიანებს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მისი შვილი დაჩი დარჩიას მკველელობაში ბრალდებულის მეგობარი არ არის და მას საერთოდ არ იცნობს.
"ერთი ადამიანი დამისახელეთ, ვინც ადასტურებს, რომ ან მეგობარია, ან რატი ნახა თბილისში საერთოდ. მეპატრონემაც თქვა, რომ წლინახევრის წინ არის იქ ნამყოფი, მას შემდეგ კი არ გვინახავსო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დიჯეი დაჩი დარჩია 30 აგვისტოს, თბილისში, "სქაი ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს.