ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში 28 აგვისტოს დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. 26 წლის ვაჟა ნარიმანიშვილი, 20 წლის გიორგი და 24 წლის ბაჩუკი სირბილაძეები ამავე სოფლის მკვიდრმა 44 წლის დავით კუბლაშვილმა თოფით გამოასალმა სიცოცხლეს. შემზარავი მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი, მოკლული ბაჩუკი სირბილაძის ძმა, ბექა სირბილაძეა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ახლობლების თქმით, უგონოდ მყოფი ახალგაზრდა მკვლელს მკვდარი ეგონა და ე.წ. საკონტროლო ტყვია აღარ უსვრია. დაჭრილი ახალციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი?!
"კვირის პალიტრა" ყარათუბანში ტრაგედიიდან მეორე დღესვე ჩავიდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მარიამობის დღესასწაულზე ბიჭები ბუნებაში საქეიფოდ გასულან. უბანში საღამოს დაბრუნებულებს მოლხენა სოფლის ახლოს, პატარა შენობაში გაუგრძელებიათ. სწორედ აქ შეკამათებიან ერთმანეთს სამი ახალგაზრდა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილი. შემდეგ ნასვამი ყმაწვილები ადიგენში ლუდის დასალევად წასულან. კინკლაობა გზაშიც გაუგრძელებიათ და მირზა კუბლაშვილს მამისთვის დაურეკავს.
ერთი ვერსიით, შეიარაღებული დავით კუბლაშვილი ახალგაზრდებს მკვლელობის ადგილას ჩასაფრებია, მეორე ვერსიით, ავტომობილით ეძებდა სოფელში ბიჭებს. მესამეთა თქმით კი, გზად მიმავალ ბიჭებს შემთხვევით გადაეყარა. დავით კუბლაშვილმა მკვლელობა ვინჩესტერის ტიპის იარაღით ჩაიდინა.
"ცოდვის ადგილი"
ამ საზარელი ტრაგედიის ადგილს სოფლის მოსახლეობა დღეს "ცოდვის ადგილს" უწოდებს... შემთხვევის ადგილზე მისულებს გარდაცვლილი გიორგი სირბილაძის ბიძა პავლე ანდღულაძე დაგვხვდა:
- არ ვიცი, რამ დაუბნელა გონება მკვლელს, რომ სამი უდანაშაულო ადამიანი ასე უმოწყალოდ მოკლა. ჯერ შორიდან უსვრია, ოთხივე დაჭრილა, მერე მიახლოებია და სამივესთვის თავში საკონტროლო ტყვია დაუხლია, ბექასთვის წიხლები დაუშენია და რომ არ განძრეულა, აღარ უსვრია. მერე იარაღი მიუგდია და გაქცეულა. ნახევარი სოფელი დაგვღუპა იმ არაკაცმა. ჩემს დას სიმსივნე აქვს, ეს ამბავი როგორ უნდა გადაიტანოს... გიორგის 19 წლის ძმა - გაგი დარჩა.
- გიორგი რას საქმიანობდა?
- ახალციხის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა.
რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს...
მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის დავით კუბლაშვილი ათი წელი ადიგენის საჯარო რეესტრის სერვისცენტრის ეროვნული სააგენტოს უფროსად მუშაობდა. ამბობენ, სიმთვრალეში ცუდი ხასიათი ჰქონია. პროფესიით იურისტია, მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. აქაურები იმუქრებიან, სახლს გადავუწვავთო, პოლიციამ მკვლელობის ღამესვე გაიყვანა მისი ოჯახი სოფლიდან.
თინა კუბლაშვილი, ადიგენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
- გიორგი სირბილაძე უღარიბეს ოჯახში გაიზარდა. წესიერი, მშრომელი ახალგაზრდა იყო. ტყეში შეშას ჭრიდა... სამივენი ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ...
დარეჯან ხუციშვილი, გარდაცვლილ ვაჟა ნარიმანიშვილის მეზობელი: - ვაჟას მშობლები გაყრილები იყვნენ, ბიჭი ბებიამ და დედამ გაზარდეს. სკოლის დამთავრებისთანავე ცოლი მოიყვანა, ორი პატარა გოგონა დარჩა, უფროსი მეორე კლასშია, მეორე - წელს შევა პირველ კლასში... თურქეთში ჩაის კრეფდა და ასე ინახავდა ოჯახს. 29 აგვისტოს უკან, თურქეთში უნდა გაბრუნებულიყო.
- მკვლელობაში ეჭვმიტანილიც თქვენი მეზობელია...
- დათო ნასვამი აგრესიული ხდებოდა. ის ბაჩუკი და ბექა სირბილაძეების მამასთან მეგობრობდა, როგორ გაიმეტა ბავშვობის მეგობრის შვილები სასიკვდილოდ ვერავის აუხსნია. რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი არავის გვაქვს... ბიჭები შუადღისას წასულან საქეიფოდ. გაწვიმებულა, უბანში დაბრუნდნენ და გააგრძელეს ქეიფი. უმნიშვნელო შელაპარაკება მოუხდათ. ჩვენც გავძახეთ, - რას კინკლაობთო. ვაჟამ თქვა: - დღეს მარიამობაა და ნუ ვიჩხუბებთო...
- კონკრეტულად რაზე მოსვლიათ ჩხუბი?
- არ ვიცით. ის ვიცი, რომ მერე დათოსთვის შვილს დაურეკავს - ბიჭებმა მცემეს თუ მცემენო... დათოს ჟილეტი შემოუცვამს და ისე გასულა შინიდან. სოფელი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
სოფელში ამბობენ, ტრაგედიის დატრიალებამდე რამდენიმე საათით ადრე დავით კუბლაშვილი მოკლული ბაჩუკი სირბილაძის მამასთან ერთად ქეიფობდაო.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე
იხილეთ ვიდეო