გუშინწინ, თბილისში დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს. დაჩი დარჩია "სქაი ბარში" დიჯეიდ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ახალგაზრდამ დაჩი დარჩიას ბარში სიმღერის დაკვრა სთხოვა, რაზეც მან უარი უთხრა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. ამბობენ, რომ დაცვამ 20 წლის ახალგაზრდა და მისი მეგობრები კლუბიდან გარეთ გამოუშვა. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი დიჯეის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ.გ კლუბის გარეთ დახვდა და მას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემდეგ კი დანა რამდენჯერმე გადატეხა და მიმალვა სცადა.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინციდენტში ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავაც მონაწილეობდა. ამბობენ, რომ ის მკვლელთან ერთად იმყოფებოდა კლუბში.
ambebi.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას დაუკავშირდა:
- ჩემი შვილი თბილისში უკვე რამდენიმე თვეა არ არის. ბოლო თვე საერთოდ არ ყოფილა თბილისში. ბოლო ერთი კვირაა ქობულეთში, "ჯორჯიან პალასში" ისვენებს. იმ ღამეს, როცა ეს შემზარავი ტრაგედია მოხდა მოძღვართან ერთად იმყოფებოდა აჭარაში. მისი დაკავშირება რაიმე ფორმით ამ ბართან და საქმესთან ბოროტი და ვერაგი ტყუილია. მიზანმიმართულად ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, როგორც ეს ადრე გააკეთეს.
შსს-მ დამნაშავე უკვე დააკავა. ის წარსულში ნასამართლევია. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. "სქაი ბარის" დირექტორის დავით კვირტიას განცხადებით, დაჭრილი დაჩი დარჩია დახმარებას ითხოვდა, ის ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, რეჟისორს მრავლობითი ჭრილობები არტერიაში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ "სქაი ბარის" დირექცია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაპირისპირება კლუბში დაიწყო. დაჩი დარჩია პროზექტურიდან გუშინ გურიაში გადაასვენეს.
თამარ ბოჭორიშვილი
იხილეთ ასევე: "მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?" - დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეკა ბესელიას ვაჟის ძმაკაცს ადანაშაულებენ
დაჩი დარჩიას მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვებიან თვითმხილველები