რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, საერთო ტრაგედიაა. ამის შესახებ პუტინმა ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა.
"ეს ჩვენი საერთო, უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ტრაგედია რაც შეიძლება მალე შეჩერდეს", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის უახლოესმა მეზობლებმა უკრაინელ ხალხს თავიანთი შეხედულებები თავზე არ უნდა მოახვიონ.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს ყირიმთან მიმართებაში ის ნაბიჯები რომ არ გადაედგა, რაც გადადგა, ყირიმშიც დღეს იგივე ვითარება იქნებოდა, რაც უკრაინის ზოგიერთ ოლქშია.
"ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც იქ ცხოვრობენ. როდესაც ჩვენ ვუყურებთ რა ხდება დონბასში, ლუგანსკში, ოდესაში, ყველაფერი გასაგებია რა იქნებოდა ყირიმის შემთხვევაში. ჩვენ ყირიმის ანექსია არ მოგვიხდენია, არ წაგვირთმევია. ჩვენ ყირიმელ ხალხს საშუალება მივეცით თავისი აზრი გამოეთქვათ და გადაწყვეტილება მიეღოთ. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყირიმელები დავიცავით", - განაცხადა პუტინმა.