უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის თავდაცვას აძლიერებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის ნაციონალურმა გვარდიამ კონტროლი დაამყარა დონეცკის ოლქის დასახლება კომსომოლსკოეზე.
"უკრაინის ნაციონალური გვარდიის პირველმა ოპერატიულმა ნაწილმა წარმატებით დაასრულა სამხედრო სვლა, ასევე, გააძლიერა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის თავდაცვა.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ კომსომოლსკოეზე კონტროლის დამყარების დროს სამი ჯარისკაცი დაიჭრა. მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ", - ნათქვამია ნაციონალური გვარდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ტანკები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლთან იმყოფებიან. საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ქალაქთან ახლოს 60 რუსული ტანკი დააფიქსირეს.