საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო თანამეგობრობას ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად ერთიანი ძალისხმევისკენ მოუწოდებს.
"უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.