მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილი ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს თურქეთში, ზღვის სანაპიროზე ატარებენ. რატომ რჩებოდა წყვილი თითქმის მთელი ზაფხული თბილისში და რა გეგმები აქვს აქტიური დასვენების შემდგომი პერიოდისთვის - მსახიობის მეუღლე, თაკო გვიამბობს.
- მე და გიორგის ამ ზაფხულს ბევრი საქმე გვქონდა, ამიტომ ზაფხულის ცხელი დღეები თბილისში გავატარეთ. თუმცა, ცოტა ხნით მაინც შევძელით და დასასვენებლად თურქეთისკენ გამოვეშურეთ.
- კარგად ისვენებთ ახალდაქორწინებულები?
- მე და გიორგი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ერთნაირი შეხედულებები გვაქვს ყველაფერზე, ამიტომ ერთმანეთს დისკომფორტს არასოდეს ვუქმნით და სადაც უნდა ვიყოთ, თავს ბედნიერად ვგრძნობთ.
- ზღვაზე დასვენების შემდეგ მთაში წასვლასაც ხომ არ გეგმავთ?
- ძალიან გვინდა, ზღვაზე აქტიური დასვენების შემდეგ სადმე მაღალმთიან ადგილას, სიწყნარეშიც დავისვენოთ. მთა განტვირთვის კარგი საშუალებაა.
- კურორტის შერჩევისას თქვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა?
- დიახ, ჩვენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს და მსგავს რაღაცებზე კამათი არ გვიწევს ხოლმე, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მახარებს.
- დასასვენებლად მარტო წახვედით თუ - მეგობრებთან ერთად?
- ამჯერად მეგობრებთან ერთად არ ვართ. ჯვარი რომ დავიწერეთ, მე და გიორგის ორდღიანი "თაფლობის თვე" გვქონდა, ამიტომ ზაფხულის ბოლო თვე გვინდა, განმარტოებით გავატაროთ. თაფლობის თვე ფაქტობრივად, ახლა გვაქვს (იცინის).
- საერთოდ, აქტიური დასვენების მოყვარული ხარ?
- ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და შესაბამისად, დასვენებაც აქტიური მიყვარს. წლევანდელი წელი იმდენად დატვირთული და ემოციური იყო ჩვენთვის, რომ მშვიდი დასვენებაც აუცილებლად გვჭირდება.
- როგორც ვიცი, ძალიან მოკლე დროში გადაწყვიტეთ დაქორწინება. რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები?
- შეყვარებულები სულ 5 თვე ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ეს 5 თვე 5 წელი აღმოჩნდა. გაცნობის დღიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გიორგის მთელი ცხოვრება ვიცნობდი. აზრი აღარ ჰქონდა ურთიერთობის ასე გაგრძელებას და სიყვარულმა ძალიან მალე გადაგვაწყვეტინა ერთად ცხოვრება.
- თანაცხოვრების დაწყების შემდეგ თქვენს ურთიერთობაში რა შეიცვალა?
- ის შეიცვალა, რომ მე და გიორგი სულ ერთად ვართ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ჩემი სხეულის ნაწილია. ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ.
- ღამის კლუბებში და დისკოთეკებზე სიარული გიყვართ?
- დიახ, გვიყვარს და როცა თბილისში ვართ, შეძლებისდაგვარად ვსტუმრობთ ხოლმე ღამის კლუბებს და სხვადასხვა გასართობ ადგილს.
- ნამზეური ხშირად გაქვს?
- როცა დრო მაქვს, ზაფხულის განმავლობაში თბილისის აუზებზეც დავდივარ და შესაბამისად რუჯიც მაქვს. მიყვარს ნამზეური, თუმცა, ავადმყოფურად - არა.
- როცა დასასვენებლად მიდიხარ, ბევრი დრო გჭირდება იმისთვის, რომ საჭირო სამოსი და ნივთები ჩაალაგო?
- ყოველთვის, როცა დასასვენებლად მივდივარ, წინა საღამოს "ვლაგდები". წინასწარ რაღაცების დაგეგმა არ მიყვარს. ისე, ცოტა ნელი ვარ და ხშირად გიორგის ვალოდინებ, რისთვისაც სულ მსაყვედურობს.
- ბევრი სამოსი მიგაქვს დასასვენებლად თუ ერთი შორტი და სარაფანიც საკმარისია შენთვის ზღვაზე ყოფნისას?
- არა, ერთი შორტითა და სარაფნით ზღვაზე არასოდეს წავსულვარ (იცინის). მთელი გარდერობი მიმაქვს, თუმცა, იქიდან ნახევარი, ჩაუცმელი უკან ჩამომაქვს. წლებია უკვე მივხვდი, რომ ზღვაზე ბევრი სამოსი საჭირო არ არის, მაგრამ მაინც ყველაფერი თან მიმაქვს, დისკომფორტი რომ არ ვიგრძნო და განწყობის მიხედვით ჩავიცვა.
- გიორგისაც შენ ულაგებ ჩემოდანს?
- ერთმანეთზე ზრუნვა ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. გიორგის ჩემოდანსაც მე ვალაგებ, თუმცა, თავადაც მეხმარება, მახსენებს, თუ რა უნდა ჩავულაგო და რა - არა. რაც უნდა ცოტა ხნით გავდიოდეთ ქალაქიდან, მაინც დიდი დრო გვჭირდება ჩაბარგებისთვის.
- გიორგი ძალიან მოკლე დროში პოპულარული მსახიობი გახდა. ხომ არ ეჭვიანობ მის "სასიყვარულო" როლებზე?
- ამ ყველაფერს პროფესიული კუთხით ვუდგები, აქედან გამომდინარე, მისი როლები არ მაღიზიანებს და შესაბამისად, არც ვეჭვიანობ. ბუნებით ეჭვიანი არ ვარ. ერთმანეთი გვიყვარს, ვენდობით და პატივს ვცებთ. სიყვარულში მთავარი - ნდობაა; თუ ნდობაა, იქ ყველაფერი კარგად იქნება. გიორგის ყველაზე დიდი გულშემატკივარი მე ვარ. ვგულშემატკივრობ და მაბედნიერებს მისი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი.
- გიორგი თუ არის ეჭვიანი?
- არც გიორგია ეჭვიანი. ამ მხრივ ერთმანეთს დისკომფორტს არ ვუქმნით. როცა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გავდივართ და ყურადღების ცენტრში ვხვდებით, ეს ყველაფერი გვსიამოვნებს და პატივს ვცემთ ხალხის კეთილგანწყობას.
- საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი კერძებით თუ ანებივრებ მეუღლეს?
- სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს და მეხერხება კიდეც. დაოჯახებამდე სადილები ნამდვილად არ მომიმზადებია, მაგრამ ახლა მშვენივრად ვართმევ თავს.
- მოსწონს გიორგის შენი მომზადებული სადილები?
- ძალიან მოსწონს. ამბობს, რომ კარგი დიასახლისი დავდექი. მთავარია, მოვინდომო და ნებისმიერ კერძს მოვამზადებ.
- თავად თუ ეხერხება კერძების მომზადება?
- სამწუხაროდ, სამზარეულოში ფუსფუსისა და გემრიელი სადილების მომზადებისთვის დრო არ რჩება. ისე, სურვილი აქვს ხოლმე, რომ რამე გემრიელი მომიმზადოს და მასიამოვნოს.
- ახლო მომავალში შვილის ყოლას ხომ არ გეგმავთ?
- დიახ, ორივე ვთვლით, რომ მზად ვართ, მშობლები გავხდეთ. ძალიან გვინდა, შვილი მალე გვეყოლოს. ვფიქრობ, გიორგი არაჩვეულებრივი მამა იქნება.
- პირველი, გოგო გინდათ თუ - ბიჭი?
- არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ - ბიჭი, მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს.
- შენი აზრით, რა არის აუცილებელი იდეალური ცოლქმრული ურთიერთობისთვის და რამდენად შესაძლებელია ამ იდეალურობის შენარჩუნება?
- ცოლქმრული იდეალურობის რეცეპტი არ ვიცი, ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ჩემთვის იდეალური - გიორგის თვალებში ჩემი სულის ანარეკლის დანახვაა. ცოტა ხატოვნად გამომივიდა, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი მეთქვა.
- ხშირად კამათობთ?
- რა თქმა უნდა, ხანდახან ვკამათობთ. თუმცა, იმდენად სასაცილო და უმნიშვნელო რაღაცებზე ვკამათობთ, რომ კონკრეტულად არ მახსენდება არც ერთი კამათის თემა (იცინის). ერთადერთი, რაზეც გიორგი ხშირად მსაყვედურობს ის არის, რომ როცა სახლიდან ერთად გავდივართ, სულ მელოდება და მეუბნება, რომ ნელი ვარ და ცოტა უნდა ავჩქარდე.
- კარგ დასვენებას გისურვებთ!
- მადლობა!
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)