დაყრუვდა, მხედველობაც დაუქვეითდა, კბილებიც სცვივა, ინსულტიც გადაიტანა, მაგრამ მის გარეშე მაკო კვიტაიშვილს ცხოვრება მაინც ვერ წარმოუდგენია. ჩარლი 13 წელია მის ოჯახში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მაკოს დედას, ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს, ძაღლები დიდად არ უყვარს, თავის შვილს, ანას დაბადების დღეზე მოუყვანა საჩუქრად და მას მერე პუდელი მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.
- მაკო, სანამ უშუალოდ ჩარლიზე ვისაუბრებდეთ, გვითხარი, რა დამოკიდებულება გაქვს შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიმართ...
- ძალიან მიყვარს ცხოველები, ხანდახან მგონია, რომ ადამიანებზე მეტადაც. მარტო კატები არ მიყვარს, სახლში ვერასდროს ვიყოლიებ. გვყოლია თუთიყუში და ზაზუნები. ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი და, დედაჩემმა ზაზუნები რომ მოიყვანა სახლში, არც ვიცი, რატომ გადაწყვიტა, მსგავსი რაღაცები არ უყვარს. ჩემი და თეთრია, მე - შავი. ზუსტად ასეთები იყვნენ ზაზუნებიც, თეთრი და შავი. ჩიპი და დეილი დავარქვით. ჩემსავით შავი რომელიც იყო, სულ იკარგებოდა, ძალიან ცელქი იყო. საბოლოოდ გაიქცა კიდეც ეს ჩემი დეილი. მას მერე ჩემი დის ჩიპი ძალიან მოწყენილი დადიოდა. დედამ თქვა, მეორეს ვეღარ მოვიყვან, ამათი ატანა აღარ შემიძლიაო და მეორეც გავუშვით. მერე თუთიყუში ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან. მოლაპარაკე თუთიყუში იყო, ძალიან ლამაზი, დიდი და ფერადი. ჯიჯი დავარქვით და მარტო თავის სახელს ამბობდა. გვეზარებოდა რამე გვესწავლებინა.
- ახლა სადაა?
- გარდაიცვალა. მე სულ მკბენდა. ხელს რომ შევყოფდი გალიაში, საჭმლის დასაყრელად, მინისკარტებდა. ერთხელაც შევყავი გალიაში ხელი და თავი დამადო. 11-12 წლის ვიქნებოდი მაშინ. ჯიჯიო, თქვა, თავის საჭმელში ჩარგო თავი და მოკვდა. ისტერიკა დამემართა, მოკვდა, მოკვდა-მეთქი, ვყვიროდი. მეზობელთანაც კი ავედი და ვეუბნებოდი, მოკვდა-მეთქი. გაგიჟდა ქალი, სანამ გაიგებდა, ვინ მოკვდა. დოლიძეზე ფრინველების საგვარეულო სასაფლაო გვაქვს. რამდენი ფრინველიც მოგვიკვდა, ყველა იქ დავასაფლავეთ. ჯიჯიც იქ წაიყვანეს. მე ცერემონიას არ დავსწრებივარ... ბავშვობაში წერა მიყვარდა. მოთხრობებს ვწერდი. ჯიჯიზეც დავწერე წერილი, სადღაც შენახულიც მაქვს, ვწერდი, როგორ მენატრებოდა, რა უბედური ვიყავი (იცინის).
- ძაღლი როდის მოიყვანეთ?
- სანამ ჩარლის გვაჩუქებდნენ, ბულტერიერი მოგვიყვანეს. პატარა ვიყავი მაშინ, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან მეშინოდა მისი. დიდი პირი ჰქონდა, მგონი, მამაჩემმა მოიყვანა. მერე ძაღლების სკოლაში გავაგზავნეთ და ბიძაჩემის ძმაკაცს გადავაბარეთ. სახლში აღარ დაგვიბრუნებია. მე უფრო საყვარელი ძაღლები მიყვარს, როგორიც ჩემი ჩარლია. დედაჩემს ალერგია აქვს ძაღლებზე, მის ბეწვზე. ზოგადად არ უყვარს ძაღლები, მაგრამ იცოდა, რომ მე და ანას ძალიან გვიყვარს ძაღლები და ანას დაბადების დღეზე მოუყვანა ჩარლი. კარზე ზარი გაისმა, გავაღეთ კარი და მუყაოს სასაჩუქრე ყუთი დაგვხვდა შეფუთული. შემოვიტანეთ, გავხსენით და პატარა ჩარლი იჯდა შიგ. ისტერიკა დაგვემართა, ისე გაგ-ვიხარდა. პუდელს ბეწვი არ სცვივა და არც ძაღლებისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი აქვს. 2 თვის იყო, რომ მოვიყვანეთ და ახლა 13 წლის არის. ეს ჯიში 14-15 წელი ცოცხლობს, მაგრამ ჩარლი ისეთ ჯანზეა, უფრო მეტს იცოცხლებს.
- შეყვარებულები თუ ჰყავდა თქვენს ჩარლის?
- კი, საყვარლები ჰყავდა ხოლმე (იცინის). ჩემს დას სათამაშო მოუტანეს, უზარმაზარი დათვი. ისე შეუყვარდა ჩარლის, რომ ვეხებოდით, გვიღრენდა. ზაფხულობით სოფელში დაგვყავს ხოლმე, იმერეთში. იქ საკურორტო რომანები აქვს. ჩარლი რომ ჩადის ხოლმე სოფელში, უბნის მდედრობითი სქესის ძაღლები აკითხავენ. ქალაქელ მაჩოს უბნის გოგოები ეპრანჭებიან (იცინის).
- მაკო, შენ თუ უვლი ძაღლს, რა გევალება?
- ანა არის ჩარლის დედა, მე - დეიდა. ერთად გავზარდეთ მე და ანამ ჩარლი. ახლა ცოტა გვეზარება ხოლმე გასეირნება, მაგრამ უკვე უბნის ბავშვები აკითხავენ და გვთხოვენ, გავასეირნებთო და ვატანთ. ჩარლი მარტოც ჩადის, წასვლის წინ ვარიგებ, რომ მალე ამოვიდეს. ჩადის, მოისაქმებს, ამოდის და კართან ყეფს.
- ეზოში უშენოდ არაფერს აშავებს?
- ახლა არა, ახალგაზრდობაში უფრო აშავებდა. დიდ გულზე იყო და დიდ ძაღლებს უყეფდა. მერე ხელში ამყავდა, ეს დიდი ძაღლები გვიყეფდნენ და მე ისტერიკულად ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი (იცინის). ახლა დაბერდა, კბილები სცვივა, მხედველობაც დააკლდა, ნორმალურადაც აღარ ესმის. მაგრამ სიბერესთან ერთად გაბავშვდა, გაცელქდა, თამაში დაიწყო, არ ეგუება სიბერეს, არ იმჩნევს, თინეიჯერობა უნდა ისევ. კბილებსაც კი იხეხავს, ანა უხეხავს, ბანს და სალონშიც დაჰყავს. იცით, რა სუფთაა, ეზოდან რომ ამოდის, კართან დგება, გამწმინდეთო. თუ არ გაწმინდე, სახლში არ შემოდის. ადრე ჩუსტებიც მიჰქონდა, ვინმე რომ მოდიოდა სახლში... მარტო ყოფნა არ უყვარს. ერთხელ პროტესტის ნიშნად ლოგინზე დააფსა. მე და ანა თუ ვჩხუბობთ ან ვეფერებით ერთმანეთს, მე ცოტა უხეში მოფერება ვიცი, ანას მხარეს იჭერს. ამის გამო სამჯერ მიკბინა, ანა დაიცვა ჩემგან. პატარა იარებიც მაქვს.