ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც უკრაინაში მყოფ ტერორისტებს სასულიერო პირები ლოცავდნენ. ვიდეოს თანდართულ ტექსტში ეწერა, რომ ესენი იყვნენ ათონის მთის ბერები. რამდენად შესაძლებელია, რომ ათონის მთის ბერებს ტერორისტები დაელოცათ, ამის გადამოწმება ბადრი შერაზადიშვილთან ვცადეთ, რომელიც უკვე მეექვსე წელია ათონზე ცხოვრობს და მონასტრების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეწევა:
- როდესაც განცხადება კეთდება ათონის მთის ბერების სახელით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად ათონის მთის მმართველი ორგანოს - ათონის კინოტის წერილობითი თანხმობა, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ, შესაძლოა, არ იყოს ეს კინოტის განცხადება, მაგრამ ის აუცილებლად იქნება რომელიმე მონასტრის სახელით გაკეთებული განცხადება, რომელიც იღუმენის ლოცვა-კურთხევით კეთდება. სწორედ ესაა უმთავრესი ნიშნები, რომ მივხვდეთ, მართალა ათონის მთის წარმომადგენლების განცხადებაა თუ არა. ათონის მთაზე ისევე, როგორც ჩვეულებრივ სახელმწიფოებში (ათონის მთაც ფაქტობრივად მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რომელსაც აქვს თავის კანონმდებლობა, სახელმწიფო სტრუქტურები, საზღვარი და სავიზო რეჟიმიც კი), აქაც არსებობენ ე.წ. არალეგალები. ეს ადამიანები პოულობენ კელიებს, რომელიც საუკუნეების წინათ არის მიტოვებული, შედიან და იქ იწყებენ ცხოვრებას. მათი აღმოჩენა არის ძალიან ძნელი, მათ არავინ ეძებს, რადგან იქ არ არსებობს პოლიციური რეჟიმი და ისინი წლების მანძილზე ცხოვრობენ იქ. ასეთ ხალხს ზილოტები ანუ დაუმორჩილებელები ჰქვიათ. ეს ადამიანები არ ემორჩილებიან მთის კანონმდებლობას, არც მონასტრის წეს-ჩვეულებებს და საკუთარი კანონებით ცხოვრობენ. ესენი არიან თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სასულიერო შესამოსლით არიან შემოსილი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მათ ქმედებას არავითარი კავშირი არ აქვს ათონის მთასთან. ეს ხალხი იყენებს იმ ფაქტს, რომ მთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ხალხს ატყუებენ. მართლმადიდებლობა არაძალადობრივი რელიგიაა და ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება, როდესაც ორი მხარე ერთმანეთს ტყვიას ესვრის, მართლმადიდებელი არასოდეს უჭერს მხარეს ერთ-ერთ მაგანს, ის ორივეს სინანულისკენ და სწორ გზაზე დადგომისკენ მოუწოდებს.
- რატომ არ ასახლებენ ასეთ ადამიანებს მთიდან?
- თუ მთის ნამდვილმა მცხოვრებლებმა მათი ადგილმდებარეობა გაიგეს მიდიან, ელაპარაკებიან და სხვა. გაითვალისწინეთ, ესაა ქრისტიანული მიწა, სადაც არ ხდება, რომ ვინმე გაასახლონ ან ხელები გადაუგრიხონ და დეპორტაცია გაუკეთონ. იქ არის წმინდა მართლმადიდებლური მიდგომა, რომ ასეთ ადამიანებს აძლევენ შანსს, რათა შეინანონ. ბერები არასოდეს ცდილობენ ვინმეს გაგდებას, პირიქით ასეთ ადამიანებს უფრო იღებენ, რომ სწორ გზაზე დააყენონ. უბრალოდ, მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს დაკვირვებული, რომ ასეთი ადამიანების გავლენის ქვეშ არ მოექცეს.
- რამდენადაც ვიცი, ზილოტები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთშიც იყვნენ ჩამოსული.
- დიახ, ანალოგიური განცხადებები, მხარდაჭერები და ვითომ კურთხევები მათ აფხაზ და ოს სეპარატისტებსაც მისცეს. მათ ეს გააკეთეს აფხაზეთის ომის დროსაც და 2008 წელს აგვისტოს ომის დროსაც, მათ ხატებიც კი ჩააბრძანეს. როგორც ათონის მთაზე ამიხსნეს, მთის ტერიტორიაზე ხატის ყიდვა ყველას შეუძლია და შემდეგ ამ ხატის სადმე წაბრძანება ძალიან მარტივია და ვერავინ ვერ გააკონტროლებს. ადამიანი, რომელიც თვითმარქვია განცხადებებს აკეთებს, მას არც იმის მოტყუება გაუჭირდება, რომ თქვას, ეს ღვთისმშობლის ხატი ივერონიდან წამოვიღე და ის არისო.
- რა ინტერესი შეიძლება ქონდეთ ამ ადამიანებს, როდესაც ამ უმსგავსობას სჩადიან?
- ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს. შეიძლება თვითმარქვია მღვდლებს ვიღაცამ ფული გადაუხადა და სანაცვლოდ ჩავიდნენ სეპარატისტებთან და ტერორისტებთან. არაა გამორიცხული, რომელიმე სახელმწიფოს ინტერესს ემსახურებოდეს, რადგან მცირედმორწმუნე ადამიანები ადვილად დასამორჩილებლები არიან და ასეთ ფაქტებს იოლად ირწმუნებენ ხოლმე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ზილოტებს თავის მიმდევრებიც ყავთ, ვისთანაც იყენებენ იმ ფაქტორს, რომ ათონზე ცხოვრობენ. ერთ მაგალითს გეტყვით: ათონის მთაზე ცხოვრობდა ერთი უკრაინელი, რომელიც ისე იქცეოდა, რომ იქვე აღკვეცეს ბერად, შემდეგ ის წამოვიდა ათონიდან, დასახლდა უკრაინაში და ახლა შექმნა რაღაც მოძრაობა და როგორც ათონელი ბერი, ვითომ რაღაც სასწაულებს ახდენს, იღებს ხალხს და შოულობს ფულს. ერთი რამ ფაქტია, ისინი, ვისთანაც ეს ადამიანები მივიდნენ, არასწორად იქცევიან და თუ ამ თვითმარქვიებს დაუჯერეს, კიდევ უფრო დიდ ცოდვაში დგამენ ფეხს.
ლადო გოგოლაძე
იხილეთ ვიდეო