გაზეთი "ქრონიკა+" ე.წ. "მატროსოვის ციხეში" ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და ციხის უფროსის მოადგილეს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ წერს:
ყოფილი პრემიერი ყოფილ მერთან ერთად ხუმრობის ხასიათზეა. ის საკნიდან გვითვლის: ეგ "ყინულის გამოწვევა", თქვენ რომ ახალი გგონიათ და თავზე წყლის გადავლებით ხართ გართული, გიგიმ და მე რა ხანია, დავიწყეთო. კაცმა რომ თქვას, ვანო მერაბიშვილს იუმორის ნაკლებობას ნამდვილად ვერ დასწამებ. ის ხშირად სასამართლო პროცესებზეც ხუმრობდა ხოლმე. ერთხელ ისეთი სიცილი ატეხა, ლამის ჩაბჟირდა და მოსამართლემ დარბაზიდანაც გააძევა. იგივე ითქმის გიგიზეც, რომელიც უფრო ცინიკოსია, ვიდრე ხალასი იუმორით დაჯილდოებული.
ვანო მერაბიშვილზე აგორებული ხმები, კედელს ურტყამს თავს და როცა ეკითხებიან, რა აკეთებო, პასუხობს, - ვარჯიშით ვარ დაკავებულიო, რასაკვირველია, გაზვიადებული და ცრუა. მერაბიშვილი საკანში საკმაოდ თავდაჯერებულად იქცევა, შეიძლება ითქვას, ციხის პირობებს შეეგუა. თუმცა მისი საკნური რუტინა მაშინ დარღვეულა, როცა გიგის პატიმრობა შეუფარდეს.
როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაუგია და იმ ფორმის შესახებაც მიუღია ინფორმაცია, რა ფორმითაც გიგი უგულავა დააკავეს, როგორც იტყვიან, ვანო მერაბიშვილი დასაბმელი გამხდარა - ის საკნის კარებს მუშტებს უბრახუნებდა, ყვიროდა და ივანიშვილ-ღარიბაშვილის მისამართით იგინებოდაო, - გვიყვება ჩვენი წყარო.
განსაკუთრებით გააფთრებულა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას ცნობილი ფსიქოლოგიური ტრიუკი ჩაუტარეს და მატროსოვის ციხეზე გადაყვანამდე ჯერ გლდანის ციხეში მიიყვანეს.
ვინ-ვინ და ვანო მერაბიშვილმა კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს მანევრი და რას ისახავდა მიზნად. არ ვიცით, მისი მინისტრობისდროინდელი მეთოდების გამოყენებამ აღაშფოთა თუ გიგიზე შესტკიოდა გული, მაგრამ ვანოს ისეთი ხმაური აუტეხავს, რომ მასთან საკანში ციხის უფროსის მოადგილე შესულა და დაინტერესებულა, რა პრობლემა ჰქონდა. ამ დროს საკანში ვანოსთან ერთად მისი ადვოკატი, ჩივიაშვილიც იმყოფებოდა.
მერაბიშვილსა და ციხის უფროსის მოადგილეს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი გამართულა. ამასობაში, სოცქსელებში ატეხილი ხმაურის გამო გიგი გამოუყვანიათ გლდანის ციხიდან და "მატროსოვზე" გადაუყვანიათ.
როცა ვანოსთვის გიგის შემოყვანის შესახებ გამხდარა ცნობილი, საკნიდანაც კი გამოსულა (წყარო ჰყვება, გაოგნებულმა ციხის უფროსმა და ბადრაგმა ხელი ვერ შეუშალეს, თუმცა დერეფნაში დაცვა გააძლიერესო), დერეფანში დარბოდა და ღრიალებდა: "გიგი! აქა ვარ, გიგი! ამათი დედაც, არ შეშინდე!" - ეს სურათი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდაო, - ამბობს წყარო.
ამის შემდეგ ვანო ისევ საკანში შებრუნებულა და ციხის უფროსის მოადგილისთვის უთქვამს, - აჰა, ჩემი ბარათი და სანამ გიგის თავის ბარათს დაუმზადებენ, საკვები და სხვა რამეები ამ ბარათით იყიდოსო. ციხის უფროსს ქვა აუგდია და თავი შეუშვერია, - ამას ვერ გავაკეთებ, არ შეიძლებაო. - ვინ გადაწყვიტა, რომ არ შეიძლებაო? - უკითხავს ვანოს. - მე გადავწყვიტეო! - ჰოდა, შენი დედაცო! - უთქვამს ვანოს, გაუქანებია და უხევია მუშტი შიგ სახეში...
ნაცემი ციხის უფროსის მოადგილე საკნიდან სასწრაფოდ გაუყვანიათ, ვანო კი საკანში ჩაუკეტავთ. კიდევ ერთი საათის განმავლობაში იგინებოდა და ყვიროდაო, - გვეუბნება წყარო "მატროსოვის" ციხიდან.
მოგვიანებით, როცა სიტუაცია ოდნავ ჩაწყნარებულა, საკანში ვანოსთან ბადრაგი შესულა, - არაწესიერი მოქცევისთვის ნაბრძანები გვაქვს, ტელევიზორი და კომპიუტერი ჩამოგართვათო! - ვისი ბრძანებააო? - ვანოს უკითხავს და უპასუხიათ, - ციხის უფროსისა და მისი მოადგილისო. - ჰოდა, მაგათ გადაეცით, თუ ეს ტელევიზორი და კომპიუტერი უკან შემოიტანეს ამ საკანში, მაგათი დედაცო!..
ამის შემდეგ ვანოს ადვოკატთან მოუთათბირებია და დისციპლინური სასჯელი, რომელიც მას დაეკისრა, გაუსაჩივრებია. ეს არ ყოფილა ძნელი, რადგან კანონით, თუკი პატიმრის საქმის რომელიმე ეპიზოდზე სასამართლოს განაჩენი არ არის დამდგარი, ის წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირად მიიჩნევა და ციხის ადმინისტრაციას მისი დისციპლინურად დასჯის უფლება არ აქვს (თუ მძიმე დანაშაულს არ ჩაიდენს).
სასამართლოს მერაბიშვილი გაუმართლებია და ციხის ადმინისტრაციისთვის დაუვალებია, 24 საათის ვადაში დაებრუნებინა საკანში კომპიუტერი და ტელევიზორი. როცა ბადრაგმა კომპიუტერი და ტელევიზორი ისევ საკანში შემოიტანა, ვანოს, რომელიც ფეხი ფეხზე გადადებული მჯდარა, მათთვის დაუბარებია, - თქვენს უფროსს და მის მოადგილეს გადაეცით, ვანომ შემოგითვალათ, ხომ შეიწერეთ დაგინებული, თქვენი დედაცო...
მოკლედ, ამ ამბებს თუ დავუჯერებთ (არადა, წყარო ნამდვილად სანდოა), ვანო მერაბიშვილი "მატროსოვში" "ქურდად" ზის და ციხის ადმინისტრაცია იძულებულია, მის ავტორიტეტს ანგარიში გაუწიოს.
გაზეთი "ქრონიკა+"