პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან თავიანთი სისუსტეებითა და სასიყვარულო თავგადასავლებით, მაგრამ ცივილიზებულ მსოფლიოში პოლიტმოღვაწის "გვერდზე გახედვამ" შესაძლოა, მის კარიერას ჯვარი დაუსვას.
თუ ეს საქციელი ძალადობასთანაც არის მიახლოებული - საქმე თავისუფლების აღკვეთითაც შეიძლება დასრულდეს.
ახალ პოლიტიკურ ისტორიაში სექს-სკანდალების სუბიექტური რეიტინგი MBF-ის შეფმა, დომინიკ სტროს-კანმა შეადგინა.
1. ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი
ალბათ, ეს ამ რანგში ყველაზე ცნობილი ისტორიაა. თავად ფაქტი ცოლქმრული ღალატისა, რა თქმა უნდა, სამართლებრივ დანაშაულად ვერ ჩაითვლებოდა. ამიტომაც კლინტონის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, კერძოდ კი, რესპუბლიკელებმა, ის ცრუჩვენებაში დაადანაშაულეს (თავდაპირველად კლინტონი ლევინსკისთან რაიმე კავშირს უარყოფდა, შემდეგ კი აღიარა) და იმპიჩმენტის კანონით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
ამერიკულმა სენატმა კი პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოხსნა. ასე რომ, კლინტონი და მისი მეუღლე ჰილარი მხოლოდ იმიჯის შელახვით შემოიფარგლნენ.
2. სილვიო ბერლუსკონი და "რუბი-გულთამპყრობელი"
იტალიის 74 წლის ექს-პრემიერ-მინისტრი საკუთარი სიმღერების შესრულებისა და კორუფციაში ბრალდების გარდა, სექსუალური თავგადასავლებითაც არის ცნობილი. საქმეს ის ართულებს, რომ ბერლუსკონი ბევრად ახალგაზრდა მანდილოსნებს ანიჭებს უპირატესობას.
ხანდახან კი ძალიან ახალგაზრდებსაც - როგორიც გახლავთ არასრულწლოვანი, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა კარიმ ელ-მარუგი (ზედმეტსახელად რუბი-გულთამპყრობელი), რომელიც პოლიტიკოსზე მთელი 57 წლით უმცროსია.
ახლა ბერლუსკონის არასრულწლოვანთან კავშირსა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ - ერთხელ პრემიერ-მინისტრმა რუბი პოლიციის განყოფილებიდან გამოაშვებინა. თავად ბერლუსკონი აღშფოთებულია მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებებით: "აბსურდია! მეტი საქმე არ მქონდა, ქალთან ინტიმურ ურთიერთობაში ფული გადამეხადა".
პირველ სასამართლო პროცესზე არც ბერლუსკონი და არც რუბი არ გამოცხადებულან. შემდეგი მოსმენა ამა წლის 31 მაისს გაიმართება.
3. მოშე კაცავი და "ალეფი"
ისრაელის ექს-პრეზიდენტმა, შეიძლება ითქვას, ძალით გაიხვია თავი სექს-სკანდალში - 2006 წელს მან სამართალდამცავებს საჩივრით მიმართა, თითქოს პრეზიდენტის კანცელარიის ყოფილი თანამშრომელი ქალი, სახელად "ლეფი", მას აშანტაჟებდა. გამოძიების პროცესში კაცევი დაზარალებულიდან ბრალდებულის როლში აღმოჩნდა.
ის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ექს-პრეზიდენტს სასამართლომ ისრაელის კანონით ლეგალური გარიგება შესთავაზა: კაცავი აღიარებს შედარებით მსუბუქ დანაშაულებს, გადაიხდის მორალური ზიანისთვის - შედეგად კი მიიღებს პირობით სასჯელს. ისრაელის საზოგადოების გასაკვირად, კაცავმა გარიგებაზე უარი თქვა. და სულ ტყუილად.
გასული წლის მარტში ის გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად მისი ადვოკატები ისრაელის უმაღლეს სასამართლოში ვერდიქტის გასაჩივრებას ცდილობენ.
4. პოლ ვულფოვიცი და შახე რიზა
მსოფლიო ბანკის ექს-მმართველს სასიყვარულო თავგადასავალი თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. პოლ ვულფოვიცს ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი, შახე რიზა ჩაუვარდა გულში. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მორიგი თანამშრომელი მოულოდნელად დააწინაურეს და ხელფასი აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისზე მეტიც კი დაუნიშნეს.
ასეთი ისტორიები ოდესმე სააშკარაოზე გამოდის. აქაც ასე მოხდა. შედეგად ვულფოვიცმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა.
5. "ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა რუსეთის გენპროკურორს"
1999 წლის მარტში რუსეთის ტელევიზიით გადასცეს კადრები, სადაც ადამიანი, რომელიც რუსეთის გენპროკურორს, სკურატოვს საოცრად ჰგავდა, ორ გოგონასთან ერთად ერთობოდა. ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირის ვინაობა დღემდე ვერ დადგინდა, თუმცა ფრაზა "გენპროკურორის მსგავსი ადამიანი" რუსულ ენაში დამკვიდრდა.
იყო თუ არა ფირზე აღბეჭდილი მამაკაცი სკურატოვი, დღემდე უცნობია, თუმცა გენპროკურორის კარიერა ამ სკანდალის შემდეგ დაბლა დაეშვა - ამჟამად სკურატოვი მოსკოვის ერთ-ერთი ინსტიტუტის კათედრის გამგეა.
6. ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა
2008 წელს გაზეთმა "მოსკოვსკი კორესპონდენტმა"გამოაქვეყნა ინფორმაცია პუტინის მიერ ცოლთან განქორწინებისა და ალინა კაბაევაზე დაქორწინების შესახებ. ინფორმაციის გასვლიდან ცოტა ხანში გაზეთი დაიხურა.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინი და კაბაევა კატეგორიულად უარყოფდნენ მოარულ ხმებს, ინტერნეტსივრცე ძებნაში ჩაგდებულ სახელზე "პუტინი კაბაევა" მილიონობით შედეგს იძლევა.
7. უკრაინელი პედოფილების საქმე
უკრაინაში ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი 2009 წელს ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების წინ აგორდა და გახმაურდა სახელწოდებით "პედოფილების საქმე". უამრავი მტკიცებულებისა და კონსპირაციული ვერსიის მიუხედავად, დღეისათვის საქმე მიჩქმალულია და აღარავინ ინტერესდება დიდი ხნის წინ პოლიტიკოსების მსხვერპლი ბავშვების ბედით.
უკოლოვი, ტერიოხინი და ბოგდანი (ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში) კი მშვიდად აგრძელებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას.
8. ვაცლავ კლაუსი და ბორტგამცილებელი
ჩეხეთის 68 წლის პრეზიდენტიც სილვიო ბერლუსკონის მსგავსად ასაკით პატარა გოგონებს ანიჭებს უპირატესობას. კერძოდ კი, ბორტგამცილებელი პეტრა ბედნარკოვა, რომელთან კავშირშიც ჩეხეთის სახელმწიფო მმართველი დაადანაშაულეს, კლაუსზე 38 წლით უმცროსია.
ამჯერად პრეზიდენტს არ უარუყვია გოგონასთან კავშირი და ბოდიშიც მოიხადა, როგორც საზოგადოების, ისე მეუღლის, ლივიას წინაშე, რომელთანაც 40 წლის ცოლ-ქმრობა აკავშირებს. ამ ისტორიას ჩეხეთის მოსახლეობაში უარყოფითი რეზონანსი არ მოჰყოლია - შესაძლოა იმიტომაც, რომ ბევრ ჩეხს, გაურკვეველი მიზეზების გამო, პრეზიდენტის კანონიერი მეუღლე არ უყვარს.
9. ოლეგ ლიაშკო და "ტოლერანტული ბორია"
"პედოფილების საქმიდან" ზუსტად ერთი წლის შემდეგ უკრაინაში ახალი სექს-სკანდალი აგორდა. გავრცელდა ვიდეო, სადაც ადამიანი, რომელიც საოცრად ჰგავდა დეპუტატ ოლეგ ლიაშკოს, აღიარებდა, რომ ერთსქესიანი კავშირი აქვს ვინმე ბორიასთან.
თან დეტალურად აღწერდა ამ ურთიერთობას. ვიდეო უცებ გახდა youtube-ის ჰიტი, ფრაზები კი ამ რგოლიდან უკრაინაში ფრთიანად იქცა. უბრალო დამთხვევა იყო ეს თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ვიდეოს გავრცელებიდან ცოტა ხანში ოლეგ ვალერის ძე ფრაქციიდან გარიცხეს და ის დამოუკიდებლად შეუდგა პოლიტიკურ ცურვას.
10. პიოტრ სიმონენკო და ოკსანა ვაშჩენკო
ვერანაირმა კომუნისტური პარტიის მორალმა ვერ უშველა პარტიის ლიდერს, რომ არ დაშორებოდა მეუღლეს, რომელთანაც 35 წელი თანაცხოვრობდა და ცოლად შეერთო ჟურნალისტი ოკსანა ვაშჩენკო. ამ გამბედავი საქციელით არ აღფრთოვანდნენ პარტიის წევრები, განსაკუთრებით კი სიმონენკოს მტერი ლეონიდ გრაჩი, რომელიც ყველანაირად შეეცადა ეს სკანდალი პიოტრის წინააღმდეგ გამოეყენებინა.
მომზადებულია marao.ge-ს მიხედვით.