"განცდა თვისთა ცოდვათა" ქრისტიანის ცხოვრების მთავარი საზრუნავია. საკუთარი დაცემულობის შეგრძნება არის საფუძველი ადამიანის ცხონებისა. სინანული, ბერძნულად - მეტანია, სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება - გონების ცვლილება. სწორედ ცნობიერების შეცვლაა დასაბამი პიროვნების გადარჩენისა. გონების, ცნობიერების ცვლილება, მოვლენათა გადაფასება, ცოდვისა და მადლის ახლებური გაგება, ახალი მიზნის გაჩენა ნელ-ნელა გულის ცვლილებასაც იწვევს და ასე ხდება ადამიანის გამოცვლა, ძველი, დაცემული პიროვნებიდან ნამდვილი ქრისტიანის დაბადება, ახალი ცხოვრების დაწყება ქრისტეში - სულიერი ფერისცვალება.
ახალი სტილით 19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალებას დღესასწაულობს, დღეს, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას.
მოგვცეს უფალმა ძალა, რომ ჩვენც გვეცვალოს ფერი, რომ "ძველისა კაცისა გამძარცველთა, ახალი შევიმოსოთ" და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მარადის ბრწყინავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
გვესაუბრება შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).
- ფერისცვალება ერთ-ერთია ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან. რას მოგვითხრობს სახარება მასზე?
- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. აი, რას გვაუწყებს სახარება უფლის ფერისცვალების შესახებ:მაცხოვარმა სამი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იოანე, თაბორის მთაზე წარიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას იესოსგან ისეთი ნათელი გამოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ!" ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ მეყსეულად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე, სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა - სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი. აკი თავადაც ამბობს: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. იესო თვითონვე აღასრულებდა ყველაფერს, რისკენაც ხალხს მოუწოდებდა.
- რატომ არ აიყვანა უფალმა თაბორზე ყველა მოციქული, რატომ გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე?
- ეს სამი მოციქული გარდაემატებოდა დანარჩენებს. ისინი ადრევე გახდნენ ღირსნი იაიროსის ასულის სასწაულებრივი აღდგინების ხილვისა. მერეც ხომ სწორედ მათთან ერთად წაბრძანდა გეთსემანიის ბაღში... მაცხოვარმა თაბორზე თან წაიყვანა სამი, რათა განედიდებინა ისინი ხილვით და დატოვა რვა, რათა ნეტარ-ექმნა რწმენით, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავთ და სწამთ.
- მაინც რითი იყო ეს სამი მოწაფე გამორჩეული?
- პეტრე - უფლის უსაზღვრო სიყვარულით, იოანე - ერთგულებით, იაკობი კი - იმ სიტყვების გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიძს, შევსვათო შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის: მაცხოვარმა თან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ მისი მოწმობა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და დაერწმუნებინა იგი, რომ თვით ზეციურმა მამამ განუცხადა ეს მოწმობა; იაკობი - რაკი სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო უფლისათვის; დაბოლოს, იოანე - ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სიმბოლო, რათა ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და ეთქვა: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი".
- საინტერესოა ისიც, რატომ მოისურვა ქრისტემ მოციქულთათვის თავისი ნამდვილი სახე ეჩვენებინა - ის ხომ ყოველთვის გაურბოდა კაცთა შორის დიდებას... რა იყო ფერისცვალების არსი და მიზანი? რისთვის აღსრულდა ის?
- ეს, უწინარეს ყოვლისა, უფლის ჭეშმარიტების დასადასტურებლად იყო საჭირო, მერე კი - სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. ადამიანი სამოთხეში დაცემის შემდეგ ეჭვიანი გახდა. ამიტომაც გახლდათ აუცილებელი მისი დარწმუნება, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტი უფალი. ფერისცვალებით მაცხოვარმა მოციქულებს აჩვენა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნელი იყო, ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდა კაცობრიობა, ელოდნენ იუდევლები.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჯვარცმის დროს უფალი იოანე ღვთისმეტყველის გარდა ყველა მოციქულმა მიატოვა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს მოციქულთა სარწმუნოება ჯერ კიდევ არ იყო მყარი. ამიტომაც აჩვენა ქრისტემ მათ თავისი დიდება, რათა, ჯვარზე გაკრულს რომ დაინახავდნენ, მის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვოდათ, არ ეფიქრათ, რომ ის დამარცხდა, რომ მათი რწმენა ფუჭი და ამაო იყო.
- ალბათ, არანაკლები დატვირთვა ჰქონდა წინასწარმეტყველთა გამოცხადებასაც...
- რაღა თქმა უნდა! მოსე და ელია წინასწარმეტყველთაგან უპირატესნი არიან, მაგრამ ფერისცვალების ხატებზე თავდახრილნი დგანან, ნიშნად იმისა, რომ თვით მოსეც კი, რომელსაც იუდეველები ესოდენ დიდ პატივს მიაგებდნენ, არარაი იყო ქრისტეს წინაშე. ამით ხალხს ისიც უნდა დაენახა, რომ იესო რჯულს კი არ არღვევდა (გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ მოტივით დევნიდნენ მაცხოვარს), არამედ აღასრულებდა. ამის დასტურად სცეს მას თაყვანი თვით მოსემ - ადამიანმა, ვის მიერაც მიეცა სჯული ისრაელს - და ელიამ.