ნინა ფოცხიშვილი 15 წლის არის, არადა, რომ უყურებ, აშკარად უფრო მეტის გგონია. ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით, 13 წლის იყო, - იქიდან დღემდე ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ახლა 15 წლისაა და ისეთივე მიზანმიმართული, თავდაჯერებული, საქმიანი და აქტიურია, როგორც მაშინ. სხვაობა ის არის, რომ იმ პერიოდში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი გახლდათ. დღეს კი ნინო ცქიტიშვილის სააგენტოშია "Look Models", რაც ძალიან მოსწონს.
ზაფხულია, მკვდარი სეზონი და ყველა ისვენებს. ისვენებს ნინაც. ქობულეთში გახლავთ და მეგობრებთან ერთად, როგორც მითხრა, მშვენიერ დროს ატარებს, ერთობა.
- 15 წლის ხარ, მაგრამ (ბავშვობიდან) პროფესიონალ მოდელად ჩამოყალიბდი. არაერთ ჩვენებაში გიწევს მონაწილეობა. უკვე ცნობილი სახეც ხარ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა-განათლებას დიდ დროს უთმობ...
- კი და მაინც მაქვს დრო იმისთვის, რომ გადაღებებზე, ჩვენებებსა თუ ჩაწერებზე ვიარო და ამისთვისაც მოვიცალო. მაგრამ როგორც ადრე, ისე აქტიურად აღარ მიწევს გადაღებებზე სიარული.
- რატომ?
- ეს ჩვეულებრივი ამბავია, - როცა ახალი სახე ჩნდები, შენით ყველა ინტერესდება და შენი გადაღება უნდათ...
- ადრე მითხარი, რომ ძალიან მიყვარს მათემატიკა და ფიზიკა და კარგადაც ვსწავლობო... თინეიჯერობისას ინტერესები ხშირად ეცვლებათ ხოლმე. ისევ სიამოვნებით სწავლობ ამ საგნებს?
- კი, ისევ ისეა, ვსწავლობ, მომწონს და მიყვარს ეს საგნები და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.
- რა არის შენთვის პოდიუმი?
- მე, როგორც მოდელი, ვახდენ სამოსის, ახალი კოლექციის ჩვენებას და ზოგადად დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ გამოვალ პოდიუმზე და როგორ წარმოვადგენ ტანსაცმელს. მოკლედ, პოდიუმზე ჩემი გამოსვლის და სიარულის ტექნიკა მაქვს.
- და როგორია ეს ტექნიკა? საიდუმლოს არ გაგვიმხელ?
- ეს ჩემ მიერ არის შემუშავებული, ანუ ზოგადად პოდიუმზე როგორც უნდა გამოვიდე. არავის უსწავლებია და ამის სიტყვებით ახსნა არც შემიძლია...
- შენთვის, როგორც ცნობილი ქართველი გოგონასთვის, მთავარი იარაღი რა არის?
- სხვანაირი სახე მაქვს (სიცილით ამბობს). ნახევრად ჩინელი რომ ვარ (დედით), ჩინური იერი მაქვს და... ალბათ, ჩემი მთავარი იარაღიც ეს არის.
- მერე ძნელია ჩინური გარეგნობის გოგონასთვის საქართველოში ცხოვრება?
- ძნელი არ არის, პირიქით... ადვილია...
- გენეტიკურად და სისხლით (სანახევროდ) ჩინელი კი ხარ, მაგრამ შენი აღზრდა, განვითარება ქართულად მოხდა, შესაბამისად ქართულად მეტყველებ. ადამიანი, რომელიც არ გიცნობს და უეცრად შენს ქართულ ლაპარაკს გაიგონებს, რა რეაქცია აქვს?
- სამი წლიდან საქართველოში ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, ქართულად ვილაპარაკებ. უცხო ადამიანებისთვის ჩემი ქართულად საუბარი რა თქმა უნდა, მოულოდნელია, - შემომხედავენ, ჩინელი ვგონივარ და უეცრად ქართულად ვიწყებ ლაპარაკს. შოკი აქვთ ხოლმე.
- სამომავლო გეგმები რა გაქვს?
- სკოლას რომ დავამთავრებ, სასწავლებლად ლონდონში წავალ. სკოლას სამ წელიწადში დავასრულებ. ჯერ მეათე კლასში ვარ.
- როგორც თინეიჯერი, როგორ ცხოვრობ?
- მიყვარს მუსიკა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად გართობა... სეირნობა, კაფეებში სიარული...
- როგორ ფიქრობ, დღეს თინეიჯერისთვის რა არის მნიშვნელოვანი?
- მნიშვნელოვანია ჰყავდეს მეგობარი, რომელსაც ყველაფერს მოუყვება. მე მყავს ასეთი მეგობარი. მას ყველაფერს ვუყვები და ვუზიარებ. რა თქმა უნდა, მეგობარი იმისაა, რასაც ეტყვი, გაიგოს და შენი ერთგული იყოს.
- შეყვარებული არ ხარ?
- არა, ჯერ ჩემი აზრით, ადრეა... შეიძლება, ადრეც არ არის, მაგრამ ხომ უნდა შეგხვდეს ადამიანი, რომ შეგიყვარდეს. აქამდე არ მინახავს ადამიანი, რომ შემყვარებოდა.
- არც თაყვანისმცემლები გყავს?
- არა...
- ცოტა დაუჯერებელია... საპირისპირო სქესის შენს თანატოლებზე რას იტყვი?
- ბიჭებთან ყოველთვის ვცდილობ, თავი ისე დავიჭირო, გაიგონ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვათ. ამას მაშინვე ვატყობინებ, რომ იცოდნენ.
- შანსი რომ მისცე?
- თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გამიჩნდება, დავუახლოვდები, მაგრამ წესიერი ჯერ არ გამოჩენილა.
- მოკლედ, წესიერ ბიჭს ველოდებით...
- (სიცილით ამბობს), კი ველოდებით...
ლალი ფაცია
სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის