საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს პროკურატურა 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
დღევანდელ ბრალდებას მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულად, პირად ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
"როგორც ჩანს "ქართული ოცნების" ლიდერებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვისგან ვერაფერი შეაჩერებთ. უზომოა, მათი შურისძიების წყურვილი და სურვილი ასიამოვნონ თავისი რუსი მეგობრები.
თავდაპირველად, მილიარდების მოპარვა დამაბრალეს, მას შემდეგ კი, რაც ვერც-ერთი მითვისებული თეთრი ვერ იპოვეს, ახლა 8 მილიონის გაფლანგვას მედავებიან და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა. ეს ჩვეულებრივი სიყალბეა, რომელსაც ზოგიერთი მოჩვენებითად ობიექტური ადამიანი განცხრომით იჯერებს, ისევე როგორც ბოლო წლებში დაიჯერა ბევრი ასეთი აშკარა სიცრუე.
მათი ფანტაზია და ფიზიკური სწრაფვა სამართლებრივი დევნისკენ სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ ამჟამად ეს ხალხი წყვეტს ჩვენი საქართველოს ბედს.
მაშინ როცა, მოძმე უკრაინის მხარდაჭერაზე დემონსტრაციულად ამბობენ უარს, მთელ ძალისხმევასა და რესურსს ქართველი პატრიოტების სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ხარჯავენ.
მათ საქციელს ისტორია განსჯის, მანამდე კი ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი მიუჩენს მათ თავის ადგილს". წერს მიხეილ სააკაშვილი.