2012 წლის 31 დეკემბერს მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული რუსკა მაყაშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი გახდა. პროექტის გამარჯვებულ ვარსკვლავს ბათუმში ბინა უნდა მიეღო. ცოტა ხნის წინ "ამბები.გე"-ს რუსკას დედა, თამრიკო მაყაშვილი დაუკავშირდა, რომელიც მშენებელ კომპანია "გუმბათს" და ტელეკომპანია "იმედს" კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს (იხ. სტატია).
სამშენებლო კომპანია "გუმბათი" თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თამრიკო მაყაშვილს ეხმაურება.
"კომპანია "გუმბათმა" ხელშეკრულების მიხედვით ყველა პირობა შეასრულა. თეთრი კარკასი ხელშეკრულებაში ნახსენები საერთოდ არ არის, უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ ტიხრები. შუამავალ კომპანია "ფრი მედიასთან" შეთანხმების მიხედვით, მათთვის უნდა გადაგვეცა 100 კვ.მ. ბათუმში "სუბტროპიკ სითიში", საიდანაც 50 კვ.მ. პროექტის გამარჯვებულს ერგებოდა. ფოტოსურათებში და ხელშეკრულებაში კარგად ჩანს რეალური სურათი. რაც შეეხება რუსკას დედის, თამრიკო მაყაშვილის პრეტენზიას, რომ მის შვილს შიდა, ეზოს მხარე გადაეცა, არაა სამართლიანი, რადგან არც ეს პუნქტი იყო ნახსენები ხელშეკრულებაში. ალბათ, ქალბატონმა თამრიკომ შუამავალ კომპანია "ფრი მედიასთან" ვერ მიაღწია რაღაც შეთანხმებას და ახლა სურს ჩვენგან მიიღოს თეთრი კარკასი, რაც ხელშეკრულების მიხედვით კომპანიისთვის სრულიად მიუღებელია", - ამბობს კომპანიის დირექტორის მოადგილე ლაშა ბალაძე.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge