კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან ძველი შენობის რეკონსტრუქციის მიზნით მაღალი ძაბვის ხაზების გადატანა იგეგმება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 5 ათასი ლარის ღირებულების უკვე დამტკიცებული პროექტის გამო, იძულებულები ხდებიან აღმოსავლეთ საქართველო დროებით ჩააბნელონ.
აღნიშნული საკითხის განხილვას კასპის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ხმაური მოყვა. აღაიანის სპორტული კომპლექისის მშენებელმა კომპანიამ, რომელმაც ხელშეკრულება პირდაპირი წესით გამგეობასთან გააფორმა, ადგილზე მისვლისა გაარკვია, რომ შენობა მაღალი ძაბვის ქვეშ მდებარეობს. ამის შემდეგ, კომპანია "მშენებელ-კომპლექმა" საკრებულოს მიმართა თხოვნით, მშენებლობის დაწყება იმ დრომდე გადაევადებინათ, ვიდრე ენერგო-კომპანია მაღალი ძაბვის ხაზებს არ გადაიტანს. ეს სამუშაო კი 12 ათასი ლარი ჯდება.
მმართველი გუნდიდან ამ პროექტის წინააღმდეგი მხოლოდ კავთისხევის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი რამაზ ხიზანიშვილია.
"ეს ხელშეკრულება რომ დაიდო, არავინ იცოდა, რომ ის შენობა მაღალი ძაბვის ქვეშ გადიოდა? თქვენ ეხუმრებით ამის გადატანას? მთელი თბილისი უნდა გაითიშოს მაგის გამო? კი არ უნდა გადავუვადოთ, არამედ უნდა დავაჯარიმოთ. მშენებელი კი არა, ელიავას მუშაა. ან პროექტი ვინც შეადგინა, რატომ არ გაითვალისწინა ეს საკითხი", - განაცხადა ხიზანიშვილმა.