სოფელი გოსტიბეში "გოსტიბეობა" აღინიშნა. 1550 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელში ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაასრულეს, თუმცა მისი ოფიციალური გახსნა სწორედ სოფლის დღესასწაულზე დაიგეგმა.
საზეიმო "პიკნიკი" გოსტიბეში კოშკთან დღის ორ საათზე იყო დანიშნული. გოსტიბემდე ოსური სოფელი ცხავერია, სადაც ამჟამად 10 კომლი ცხოვრობს. როგორც აღმოჩნდა, ახალი ელექტრობოძები სოფელს გვერდს უვლის. ამის გასაპროტესტებლად ადგილობრივები იმ გზასთან შეიკრიბნენ, სადაც მაღალჩინოსნებს უნდა გაევლოთ. მათ რამდენიმე წუთით მართლაც შეაფერხეს შიდა ქართლის გუბერნატორის ზურა რუსიშვილისა და კასპის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის დელეგაცია.
"რა გახდა ჩვენამდეც შემოეყვანათ ხაზი, ეს როგორი გაკეთებული საქმეა. კალაძე გვინდოდა გვენახა, როგორც ჩანს, წინ წასულა", - უსაყვედურეს ცხავერელებმა მაღალჩინოსნებს და სოფელში არსებული უწყლოობის პრობლემის შესახებაც ისაუბრეს.
გოსტიბეობა ტრადიციულად ეროვნულ მოტივებზე წარიმართა, სტუმრებისთვის უფასო მწვადისა და ხინკლის თანხლებით. ყველაფერი რომ მოილია, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ონოფრიშვილიც გამოჩნდა. 10 წუთის შემდეგ მასთან ერთად სხვა მაღალჩინოსნები გაღმა მხარეს აგარაკზე გავიდნენ. გაირკვა, რომ ისინი ვინმე ბიზნესმენ რობერტის აივანზე საგანგებოდ გაშლილ გრძელ სუფრას მიუსხდნენ.
იხილეთ ვრცლად