თბილისის მერიის თანამშრომელს, ზაზა გოგოლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა წუხელ, ვარკეთილში მოხდა. ნაცემია დედაქალაქის მერის თანაშემწის მძღოლი. თავად დაზარალებულის განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა 6 ადამიანმა მიაყენა , რომელთაგან ერთ-ერთია თბილისის მერის ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის, სევდია უგრეხელიძის მძღოლი გელა ტურიაშვილი.
"უბანში გაჩერებასთან ვიდექი, როცა მათ მანქანით გამოიარეს - 6 კაცი იყო. გადმოვიდნენ და დამიწყეს ჩხუბი, დამაგდეს ძირს, მცემეს, რკინის "დუბინკა" მირტყეს. მეზობლები გამოვიდნენ და მათ გააგდებინეს ჩემი თავი", - ყვება თავად დაზარალებული.
ზაზა გოგოლაძე ამბობს, მასსა და ტურიაშვილს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ციხეებში პატიმართა წამების კადრები გავრცელდა.
"ციხის კადრები რომ გავრცელდა, მე დავიცავი პატიმრები, ის კიდევ ხელისუფლებას ამართლებდა და იძახდა, ღირსები არიანო. მერე სამსახურში მე დამსვეს მის მანქანაზე, თუმცა ჩავედი და ვუთხარი, შენი მანქანა მე მომცესთქო და უფროსთან გაარკვიემეთქი", - განმარტავს ზაზა გოგოლაძე.
დაზარალებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მას დაჟეჟილობები თხემსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.