ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე ახალი დეტალებია აღმოჩენილი, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა განგვიცხადა.
მისი თქმით, გარდაცვალების ადგილის დათვალიერება გარკვეული ტექნიკური საშუალებების დახმარებით განხორციელდა.
"ინფორმაციის კასკადი არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე საყურადღებო და საინტერესო დეტალი ნამდვილად არის აღმოჩენილი", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი გარემოებების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. მისი თქმით, ახლად აღმოჩენილ დეტალებს გამოძიება შეისწავლის.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ პროკურატურას ახალი ინფორმაცია არ გავურცელებია.