დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას მრჩეველად 22 წლის ყოფილი კრუპიე, თაკო ლაშხია დაინიშნა. რა კრიტერიუმით მოხდა მისი ამ თანამდებობაზე დაწინაურება, ამის გარკვევა თავად ზუგდიდის გამგებელთან ვცადეთ:
- თაკოს გარშემო უაზროდ აგორდა აჟიოტაჟი. ის ჩემ მრჩევლად არ დანიშნულა, ის არის გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი. 2 თვის განმავლობაში იქნება ამ თანამდებობაზე, მანამ ვიდრე გამოცდები ჩატარდება.
- რა კრიტერიუმით მოხდა მისი დანიშვნა თუნდაც 2 თვით?
- რა მნიშვნელობა აქვს?! განცხადება იყო შემოსული და დაკმაყოფილდა. ის არის ეკონომისტი, უმუშავია ბუღალტრად. თაკო არის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც აქვს ეკონომისტად მუშაობის გამოცდილება. აქ რაიმე ნათესაურ და მეგობრულ კავშირს არ ჰქონია ადგილი.
- ხომ არ აჯობებდა უფრო გამოცდილი კადრის დანიშვნა?
- 22 და 23 წლის ადამიანები მინისტრებად ინიშნებოდნენ და მაგაზე არ ქონდა არავის პრობლემა და ჩემი თანაშემწე გახდა პრობლემა?
- ამაზე პრობლემა არ ქონდა წინა ხელისუფლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ მაშინ ამას აპროტესტებდით...
- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. წლოვანებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, პროფესიონალი არის თუ არა ადამიანი. ახალგაზრდების დანიშვნა თანამდებობაზე პრობლემა არ არის, მთავარია, მერე როგორ მოიქცევა ამ თანამდებობაზე. თანაც გაითვალისწინეთ, რომ თაკო ლაშხია გამოკვეთილად თანაშემწეც არაა, ის უნდა იყოს მისაღებში და მეტი არაფერი.
- ანუ მდივანია?
- შეიძლება ასეც ითქვას.