2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მსოფლიო რუკაზე ორი ახალი სახელმწიფო გაჩნდა - სამხრეთ ოსეთი და ამ ომში ჩათრეული აფხაზეთი, - ასე იხსენებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 6 წლის წინ რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარ ომს. მის მოგონებებს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
მედვედევის თქმით, დროის გასვლის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ მაშინ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იყო.
"დროის გასვლის შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. მსოფლიო რუკაზე ორი ახალი სახელმწიფო გაჩნდა - სამხრეთ ოსეთი და ამ ომში ჩათრეული აფხაზეთი. ამასთან, ექვსი წლის წინ ჩვენს მიერ ამ სახელმწიფოების ცნობა ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გართულების მიზეზი გახდა. მაშინ, მსოფლიო საზოგადოებამ საკუთარ თავში იპოვა საკმარისი სიბრძნე და ძალა, რათა რუსეთისთვის გაეგო, პატივისცემით მოპყრობოდა ჩვენ პოზიციას და შედეგად, უკვე ექვსი წელია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობა მეფობს," - წერს მედვედვი.
რუსეთის პრემიერი იმასაც განმარტავს, რომ აგვისტოს ომის დროს მოუწია "ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება". "6 წლის წინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო საქართველოს მშვიდობისთვის იძულების ოპერაცია, დასავლეთის ქვეყნებს ეყოთ სიბრძნე, მიეღოთ ეს ნაბიჯი. საქართველოს ჯარები 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში შეიჭრნენ და მისი დაცხრილვა დაიწყეს. იმ დღეებში მომიწია ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნავს მედვედევი, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.