სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანმანათლებლო პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" დალოცა.
"დავითიანის" პრეზიდენტის კოტე სვანაძის განცხადებით, 10 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ესტუმრება "მოსიარულე ბიბლიოთეკა" და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებობა, ბიბლიოთეკას წიგნი აჩუქოს. მისივე თქმით, "წიგნი ყველა სოფელს" არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზებით, "სტუდენტური ერთობის" და "წიგნის მეგობრის" ინიციატივით განხორციელდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი, ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, "პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. კოტე სვანაძის განცხადებით, პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
"პალიტრა L"-ის წარმომადგენლის, სოფო საყევარიშვილის განმარტებით, "პალიტრა L" აღნიშნულ პროექტში ჩართულია. "მსგავს ინიციატივებში "პალიტრა L" აქტიურად არის ჩართული", - აღნიშნა სოფო საყევარიშვილმა.
"ვისოლის" ვიცეპრეზიდენტის, ლევან ფხაკაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 1-ელი აგვისტოდან საზოგადოებას შესაძლებობა აქვს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" და ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე მიიტანონ წიგნები.
პროექტი "მოსიარულე ბიბლიოთეკა" სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება. სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, ილია მეორის შეფასებით, პროექტი საკმაოდ საინტერესოა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ამ წიგნების შეგროვების პროცესში მუსიკაც ჩაერთვება. მისივე თქმით, სიმღერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პატრიარქის განცხადებით, რუსეთში იყო ასეთი ხალხი, მოხეტიალეები, დადიოდნენ სოფლებში და ზოგ შემთხვევაში ეძებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი არიგებდნენ წიგნებს. ამას საკმაოდ დიდი შედეგი მოჰყვა.
"დიდი საქმე გაქვთ წამოწყებული. ჩვენ საპატრიარქოში გვაქვს ზედმეტი წიგნები, ასევე ჟურნალები, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ. ეს საკმაოდ საინტერესო წიგნებია და ჩვენ შეგვიძლია ესენი გაჩუქოთ. ასევე შეგვიძლია ხალხს მოვუწოდოთ, რომ რაც ზედმეტი წიგნი აქვთ, თქვენ გადმოგცეთ. მაგრამ მარტო ჩუქება არ კმარა, წაკითხვა და განხილვა უნდა ამას", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, წიგნების კითხვას ახალგაზრდების გონებრივი განვითარებისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. "მარტო დარიგება არ კმარა. უნდა მოეწყოს მსჯელობები. აუცილებელია მუსიკა, ქართული საგალობლები, ქართული სიმღერები", - ბრძანა უწმინდესმა.