საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო". შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ნახსენებ დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი "საიდუმლო".
ასევე იხილეთ: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს