კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ე.წ. მაიდნის თავდაცვის კარვები კვლავ რჩება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, წუხანდელმა ღამემ მაიდანზე მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა, აქტივისტები კვლავ რჩებიან კარვებში და დაშლას არ აპირებენ.
გუშინ საღამოს მაიდანზე სახალხო შეკრება გაიმართა, რომელსაც 600-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ე.წ. მაიდნის თავდაცვასა და სამართალდამცავებს შორის გუშინ შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც კომუნალურმა სამსახურმა დამოუკიდებლობის მოედანზე გაშლილი კარვებისა და ბარიკადების აღება დაიწყეს. მაიდნელებმა სამართალდამცავებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს, ასევე გადაწვეს საბურავები. უკრაინული მედიის ცნობით, კომუნალურმა სამსახურმა მაინც შეძლო კარვების ნაწილის აღება.