2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა, რომელმაც დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
ვახტანგ კაპანაძის თქმით, მთავარი არის ის ფაქტი, რომ არავინ და არაფერი უნდა იყოს დავიწყებული, ვინაიდან ჩვენმა გმირებმა თავისი სისხლით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს ომის საბოლოო შედეგში.
რაც შეეხება აგვისტოს ომის შესწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ეს იყო შესწავლა სამხედრო თვალსაზრისით და დოკუმენტი დასრულებულია.
"ახლა მიმდინარეობს დოკუმენტის შესწავლა სამინისტროში, შესაბამის უწყებებში და ალბათ უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში იქნება გამოქვეყნებული ღია ნაწილი. ჩვენ არავის ბრალეულობას არ ვიკვლევდით. ჩვენ ვიკვლევდით, თუ როგორ ვითარდებოდა საომარი მოქმედებები, რამდენად სწორი იყო გარკვეული ბრძანებები, რამდენად ადეკვატური იყო შესაბამისი მოქმედებები. ასე რომ, ეს არის სამხედრო, ოპერატიულ-ტაქტიკული თვალსაზრისით შესწავლა და არა - ვინმეს ბრალეულობის დადგენა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.