ქვეყანაში პრობლემური სესხების საკითხი მწვავედ 2008 წლის კრიზისის შემდეგ დგას. "კრედიტინფო საქართველო" 2005 წლიდან აწარმოებს საქართველოში ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკრედიტო ინფორმაციის რეესტრს და მათი მონაცემებით, ქვეყანაში სხვადასხვა სასესხო პროდუქტით სულ 1 845 799 ფიზიკური და 22 163 იურიდიული პირი სარგებლობს. თუმცა, "კრედიტინფო" ვერ აღრიცხავს, რამდენი მოვალე ჰყავთ ე.წ. მევახშეებს, არადა, ვალში გაყიდული უძრავი ქონების უმეტესი წილი სწორედ კერძო იპოთეკარებზე მოდის.
პრობლემური სესხების მოცულობის გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, პრობლემურია ბანკების მიერ ქვეყანაში გაცემული სესხების ერთი მეათედი. აგრეთვე, იზრდება სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები.
გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე: "ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ მაჩვენებლით საქართველო 124 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა. ეს საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებელია. პრობლემური სესხების შედარებით მცირე წილი იმით აიხსნება, რომ რეალური ოდენობა, რომელიც ბევრად მაღალია, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო პირებისგან (მევახშეებისგან) არის აღებული.
პრობლემური სესხების ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სესხის გადაუხდელობის გამო სახლის დაკარგვა და მსესხებლის უსახლკაროდ დარჩენა. ბოლო წლებში გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი, შესაბამისად, ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეც სულ უფრო მეტი მოქალაქეა. 2008 წლის (რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის) შემდეგ როგორც კომერციული ბანკების, ისე სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ, სესხების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების გაყიდვა ძალიან გახშირდა.
რადგან პრობლემური სესხების შესახებ სრული მონაცემები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, ხოლო სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები ხშირდება, ამ თემით დავინტერესდით და კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო პირების (მევახშეების) მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები შევაგროვეთ. აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონების იძულებითი აღსრულებების ოდენობა 2007-დან 2013 წლამდე განუხრელად იზრდებოდა და მაქსიმუმს 2012 წელს მიაღწია. ეს პრობლემური სესხების ოდენობის ზრდაზე მიუთითებს, რისი მიზეზიც მრავალი რამ შეიძლება იყოს: მსესხებლების მიერ ფინანსური რესურსის არაეფექტიანი ხარჯვა; ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო კრედიტორების მიერ სესხების მარტივად გაცემა; ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა.
აუქციონის წესით გაყიდული ქონების შესახებ მონაცემებს აღსრულების ეროვნული ბიურო 2011 წლიდან აღრიცხავს, თუმცა, ქონების გაყიდვის მიზეზი არ მიეთითება. ამ მონაცემებში აგრეთვე არ არის ინფორმაცია 2013 წლის ოქტომბრამდე კონკრეტულად კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ აღსრულებულ საქმეებზე. რაც შეეხება მონაცემებს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით, სურათი ასეთია: სულ გაიყიდა 952 ერთეული უძრავი ქონება, აქედან ბანკების სასარგებლოდ - 172 (მთლიანი ოდენობის 18,07%), მიკროსაფინანსოების სასარგებლოდ - 157 (16,49%), კერძო პირების, ანუ კერძო მევახშეების სასარგებლოდ კი 623 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა (65,44%).