"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე იმ პროცედურებს განმარტავს, თუ როგორ მოხდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოსთვის მისი გადმოცემის საკითხი.
როგორც კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაცვის მხარე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში. მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა და მიემართოს ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს.
"ეს ბიურო დამოუკიდებლად განსაზღვრავს, როგორც ბრალდების საფუძვლიანობას, ასევე იმას არის თუ არა პოლიტიკური მოტივები და ამის შემდეგ გადაწყვეტს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს. თუმცა, ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი იქნება, ავტომატურად იქნება ვალდებული დააკავოს ის და გადმოსცეს საქართველოს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, ეს დამოკიდებული იქნება იმ ქვეყანასა და საქართველოს შორის სისხლის სამართლის სფეროში რა ტიპის საერთაშორისო ხელშეკრულებაა გაფორმებული. კოჟორიძის განცხადებით, ეს პროცედურა ასევე დამოკიდებული იქნება იმ ქვეყნის სამართლადამცავ ორგანოებზეც, რომლებიც გადმოცემის საკითხს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ. კოჟორიძის განმარტებით, ისინი მოითხოვენ საქმის სრულ მასალებს და ამ შემთხვევაში კონკრეტული მტკიცებები და არგუმენტები იქნება გადამწყვეტი.