"თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს ნაკლებად პრობლემატურია, არადა მეტი სოციალური მუხტი უნდა იყოს, რადგან ირგვლივ ბევრი სიმწვავეა. არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოხატოს საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია... ახალგაზრდები იმ საკითხებში ერთიანდებიან, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი და კონსერვატორულია და არა იმ საკითხებში, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს. არც ერთი დამრღვევი ახალგაზრდა არ ჩანს", -ეს სიტყვები ცნობილ ქართველ მუსიკოსს ირაკლი (მეფე) ჩარკვიანს ეკუთვნის. ვერ დაარღვიეს, მაგრამ საკუთარი პროტესტი ახალგაზრდა მუსიკოსებმა 2 წლის წინ საჯაროდ გამოხატეს და ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, სიმღერით გამოხატეს. სიმღერა "სისტემა უნდა დაინგრეს", სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა სერგი გვარჯალაძესთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად ჩაწერეს.
მუსიკოსი სერგი გვარჯალაძის თქმით, სოციალური მუსიკა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა ურჩევნია სიყვარულზე იმღეროს, ვიდრე პოლიტიკაზე. "სისტემატიური სისტემა ციხეებში, ვფიქრობ, რომ დაინგრა, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება, ის შესაძლოა, ყოველთვის აღსდგეს. დასანგრევ და ნეგატიურ სისტემებს რა გამოლევს? მაგრამ შენებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ეგ უფრო რთულია", -აცხადებს Ambebi.ge-თან საუბარში სერგი გვარჯალაძე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსებით და პოლიტიკით ყოველთვის უკმაყოფილოა და ყველა მთავრობას ბიბისთან ჩაწერილ სიმღერას "გაგივლის" უძღვნის.
პროექტის კიდევ ერთი მონაწილე ზურაბ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ხელოვანისთვის აუცილებელი არ არის პროტესტი გამოხატოს. თუ გრძნობს არტისტი, რომ პროტესტის გამოხატვა უნდა, ეს უნდა გააკეთოს, ამას ვერავინ დაავალებს.
- სანამ ჩაწერდით სიმღერას - "სისტემა უნდა დაინგრეს", არაფერზე გაგჩენიათ პროტესტის გამოხატვის სურვილი?
- კი, როგორ არა, "კუნგ ფუ ჯანკის", მე, ჩემს მეგობრებს. სამწუხაროდ, თურმე სწორედ ისეთი პროტესტი უნდა გამოხატო, როგორიც იყო "სისტემა უნდა დაინგრეს", ვულგარული, პირდაპირ უნდა მიმართო ხალხს, სხვანაირი პროტესტი არ ჩანს და არ ისმის. ჩემდა სამწუხაროდ, როცა გაბრაზებული ხარ და იგინები, ეგ პროტესტი უფრო ესმით.
- ახლა არ გიჩნდებათ პროტესტის გამოხატვის სურვილი, კმაყოფილი ხართ დღევანდელი მთავრობით? სისტემა დაინგრა?
- რა თქმა უნდა, არ დაინგრა. მინდა ის საშინელებები მოისპოს. ჩვენ ხშირად გვაკერებენ "ქართულ ოცნებას", სხვათაშორის, ამ პარტიამ რამდენიმე აქციაზე გამოიყენა ჩვენი სლოგანი, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები არცერთ პარტიას არ ვეკუთვნით. მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერში დევს რაღაც მესიჯი. ჩემი აზრით, ახალმა მთავრობამ არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინამორბემა გააკეთა. შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე აკეთებენ, მით უმეტეს იმის მიხედვით, რაც შერჩათ ხელში. ვფიქრობ პროცესი მიმდინარეობს და რაღაც გამოვა. დღესდღეობით სოციალური პრობლემებიდან დაწყებული ციხით დამთავრებული, ისევ რჩება პრობლემები და ვფიქრობ ეს გამოსწორდება. დიდი ხნით ტახტზე არავინ რჩება.
მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ ციხეში არსებული ვითარება სკანდალური კადრების გავრცელებისთანავე გააპროტესტა, ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი სიმღერაში "სისტემა უნდა დაინგრეს".
- ჩემს პროტესტს ყოველთვის დავაფიქსირებ. ჩემს თავს ზუსტად მაგ კუთხით ვხედავ, მაშინ ამ ფორმით გამოვხატე ჩემი პროტესტი. მე ყოველთვის გამოვხატავ პროტესტს არ მიშლის ხელს არცერთი მთავრობა.
- დაინგრა სისტემა?
- დანგრევით არაფერი არ დაინგრევა, თუ ჩვენს ტვინებში და თავებში არ დაინგრევა ეს ყველაფერი.
- დღეს ვერაფერს ხედავთ ისეთს, რაზეც გსურთ პროტესტის გამოხატვა?
- ამის დრო ყოველთვის არის ქვეყანაში, სანამ პრობლემებია, სანამ ქვეყანაში იქნება უმუშევრობა, გაჭირვება და მშიერი ბავშვები, მე ყოველთვის გამოვხატავ პროტესტს.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge