ბადრი პატარკაციშვილი იყო ჩვენი 100%-იანი თანამებრძოლი და იმ ბრძოლის ველზე დაიღუპა, რასაც ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"სულ ვამბობდით მე და ჩემი მეგობრები, რომ ადრე თუ გვიან სიკეთე ბოროტს დაამარცხებს და ეს ბრძოლა ფუჭად არ ჩაივლის. ძალიან ჯანსაღი პროცესები მიდის იმისა, რომ ვინც დამნაშავეა, ყველამ სრულყოფილად აგოს პასუხი. ის სხვა საქმეა, ვინ რას ლაპარაკობს. ჩვენ, მე მგონი, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს საზოგადოებასთან შეთანხმებულები ვართ, რომ ამ უსუსურ, აბსოლუტურად არასამართლებრივ, ამორალურ ლოგიკას არასდროს ყური არ უნდა დავუგდოთ. ბევრ პოლიტიკოსს ეს უთქვამს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედია იძულებულია წამოწიოს ეს ათასგვარი სისულელე და შემდეგ მთელი საქართველო ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობს. მე ბადრის ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ის იყო ჩვენი 100%-იანი თანამებრძოლი და იმ ბრძოლის ველზე დაიღუპა, რასაც ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკაში არ არის მორალი, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ არის მორალი და შესაბამისად დღეს მორალგარეცხილ თემებზე უწევს საუბარი და გარდაცვლილზე მიდის სპეკულაციები.
"ჩვენ არასდროს ხელს არ ვაწერდით ძალისმიერ მეთოდებს. ეს იყო საზოგადოებრივი პროტესტი და არავის მკვლელობა და შეკვეთილი მკვლელობა არ სჭირდებოდა მაშინ, რომ ხალხი ქუჩაში გამოსულიყო. ჩვენ წლების განმავლობაშიც და ახლაც, სანამ ეს ლოგიკა და აზრიც ჯანსაღია, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის დაგეგმარებული ლოგიკა, ეს არის შიზოფრენია. ჩვენს მაგივრად რომ მოგეწვიათ, თეთრ ხალათებში ჩაცმული ფსიქიატრები, ჯობდა. რა არის აქ არაკორექტული? ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია იმის ამოხსნა წინდაწინ, რა შეუძლია გააკეთონ, ილაპარაკონ და დაგაბრალონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ პროპაგანდისტულ მოქმედებათა გეგმას აშენებენ. რა სახელმწიფო გადატრიალება, პირიქით, ყველაფერს ვაკეთებდით, ოღონდ არ ყოფილიყო ძალადობა და მცდელობაც კი სამოქალაქო დაპირისპირების და "სახელმწიფო გადატრიალების", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.