მაშველებმა საირმეში დაკარგული 21 წლის ცოტნე ჭანტურია გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილის ცხედარი ხევში გადაჩეხილი აღმოაჩინა.
უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები კურორტ საირმეში 31 ივლისს გაუჩინარებული 21 წლის ცოტნე ჭანტურიას მოსაძებნად ფართომასშტაბიან საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. დღეს ძებნა კურორტ საირმეში იმ მთაზე მიმდინარეობდა, სადაც ცოტნე ჭანტურიას სავარაუდოდ კვალი აერია და გაუჩინარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მაშველები მთის მიმდებარე ტერიტორიებს და ტყის მასივს ათვალიერებდნენ.