ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პროფესიონალი, მიუკერძოებელი და სამაგალითო მოსამართლეების კანდიდატურები რატომ ჩამიგდო დღეს პარლამენტმა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მხრიდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების მხარის არდაჭერის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
"მე გულწრფელად მიკვირს რაც მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ჩვენ სასამართლო სისტემას ყურადღებით ადევნებს თვალს. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია სწორედ რომ მიუკერძოებლობით, პოლიტიკური ნეიტრალობით და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არჩვევს მოსამართლეებს, შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეები, რომლებმაც კომიტეტზე მიიღეს მხარდაჭერა, დღეს მათი კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე ჩავარდა. თუ ვსაუბრობთ კოორდინაციაზე, კომიტეტები, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატური ადგილია კოორდინაციისთვის. ასეთი კოორდინაცია გავლილი იყო, შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, პროფესიონალი, მიუკერძოებელი და სამაგალითო მოსამართლეები დღეს პარლამენტმა რატომ ჩამიგდო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დღეს მხარი არ დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. მათ დასამტკიცევლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაბაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა. ბაქაქურისა და ძლიერაშვილის კანდიდატურები კომიტეტებში მოწონებული იყო.