რამდენიმე დღის წინ ქართველმა მუსლიმებმა რამაზან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. მათ ეს დღე საქართველოს პრემირმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა. ამ ფაქტს გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, რომელმაც ღარიბაშვილი დავით აღმაშენებელს შეადარა.
ჯემალ პაქსაძე:
- პრემიერის მხრიდან ეს იყო ჩვენი სარწმუნოების დაფასება. ბატონმა პრემიერმა მიზნად დაისახა, საქართველოში ყველა კონფესიის მიმდევრებს დაეხმაროს, რაც არ გაუკეთებია არცერთ წინა ხელისუფალს. გვიხარია, რომ იქმნება რელიგიის სააგენტო, რომელიც დააფინანსებს სახვადასხვა რელიგიებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დიდი მეფე დავით აღამაშენებლი ლოცულობდა კიდეც მეჩეთში, მან მოაჭრევინა მონეტა, რომელზეც ეწერა - ალაჰისა და მისი მოციქულის მუჰამედის სახელი.
- ამდენი საქმე გაუკეთებია დავითს მუსლიმებისთვის და რამდენად სწორი იყო თქვენი შეფასება, სადაც თქვით - ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია დავით აღმაშენებელსაც კიო...
- ბატონმა პრემიერმა მეტიც კი გააკეთა, მართალია, დავითი მეჩეთებს ეხმარებოდა, მაგრამ მუსულმანებისათვის ხელფასი არ მიუცია. არც იურიდიულად დახმარებია მათ. პრემიერმა კი რელიგიის სააგენტოს შექმნით 4 რელიგიის წარმომადგენლებს მისცა ფულადი დახმარება, რომელსაც გამოყოფს ბიუჯეტი. სად დაიხარჯება მიღებული ფინანსები, ჩვენი გადასაწყვეტია.
- მეჩეთის აშენება ხომ არ იგეგმება მიღებული დაფინანსებით?
- ახალ მეჩეთს ყოფილი პრემიერი აშენებს საკუთარი სახსრებით. ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზების თანდასწრებით, ხაზგასმით განაცხადა, რომ ქართველი მუსლიმებისთვის საკუთარი ფულით ააშენებს მეჩეთს. ჩვენ გვჯერა მისი დაპირების.
- თურქეთის და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა თითქმის არასოდეს არ ულოცავს იქაურ ქრისტიანებს დღესასწაულებს, რატომ?
- თქვენ რა იცით რომ არ ულოცავენ? ნებისმიერი სახელმწიფო თავის მოქალაქეს ყოველთვის ულოცავს დღესასწაულს.