საჩხერის "ჩიხურას" თამაშებზე დაძაბულობა და დაპირისპირება უკვე ტრადიციად იქცა. ზედიზედ მეორედ, "ჩიხურას" თამაშები სერიოზული ინციდენტებით მთავრდება. ამის წამომწყები ხან ფეხბურთელია, ხან გულშემატკივარი და ხან ორივე ერთად. მორიგი ინციდენტი ბაქოში, "ნეფთჩი" – "ჩიხურას" მატჩზე მოხდა. დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრების მხრიდან, კერძოდ ფან-კლუბ "ქართული სპორტის ქომაგების" ბანერის ტრიბუნებზე განთავსებამ გამოიწვია. პლაკატზე საქართველოს რუკაა დატანილი წარწერით: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". რუკაზე ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი.
აღნიშნულმა გააღიზიანა აზერბაიჯანელი გულშემატკივარი, რის შემდეგაც ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" ფანებს შორის ჩხუბი მოხდა. ჩხუბის გამო რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დააკავეს.
გულშემატკივრების დაკავების მოტივი სამართალდამცველებთან დაპირისპირებაა, ჟურნალისტები კი, როგორც თავად ყვებიან, ამ დაპირისპირების გადაღების გამო გადაიყვანეს განყოფილებაში. ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი მომხდარს ასე იხსნებს:
"როდესაც თამაში დამთავრდა, მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით სტადიონის გარეთ, სადაც გვინდოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩაგვეწერა. ამ დროს დავინახეთ, რომ მათ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ დროშებს და ტენიდნენ პოლიციის დიდ ავტობუსში. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვიღებდით, ერთ-ერთმა პოლიციელმა გასცა ბრძანება ჩვენი დაკავების, მოცვივდნენ, ჩაგვტენეს მანქანაში, ჩემს ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაგვართვეს კამერა და წაგვიყვანეს განყოფილებაში. იქ კი გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს, ვინ ყვიროდა "არმენიას". ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვქონდა და იქით ვეკითხებოდით, თუ რატო დაგვაკავეს და რატომ დააკავეს ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს დაკავებაზე მათ პასუხი არ ჰქონდათ და გულშემატკივრებზე ამბობდნენ, რომ "არმენიას" ყვიროდნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანდითო. განყოფილებაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით", - განაცხადა გოჩაშვილმა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.
გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა თავად "ჩიხურას" მწვრთნელი სოსო ფრუიძე. მისი თქმით, ვინც ეს რუკა ტრიბუნაზე გამოფინა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არაა.
"ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რაც მოხდა ტრიბუნებზე რუკის ჩამოკიდებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელია. ვინც ეს რუქა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არაა, ჩვენს ნამდვილ ფანებს კი მადლობას ვუხდი მხარდაჭრისთვის", - აღნიშნა ფრუიძემ.
"ჩიხურას" წარმომადგენელი, ბერიკა შუკაკიძე ვარაუდობს, რომ გუნდს ამის შემდეგ სანქცია დაუწესდება.საქართველოს კონსული აზერბაიჯანში ნიკოლოზ გოგოტიძე კი აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი დიდ უბედურებას გადაურჩნენ ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო. როგორც გოგიტიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბაქოს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს, რათა მდგომარეობა განემუხტათ.
"რამდენიმე ქართველი ქომაგი იყო დაკავებული, თუმცა საკონსულოს და საელჩოს ჩარევის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს და საფეხბურთო გუნდი ქომაგებთან ერთად წამოვიდა საქართველოში", - აღნიშნა გოგიტიძემ.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეიზღუდა.
როგორც Ambebi.ge-ს ლაგოდეხიდან აცნობეს, საზღვარის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანები მათ ქვეყანაში არ დაიშვება.
თუმცა მოქალაქეები, რომლებიც ამ მიზეზით საზღვარზე არ გაატარეს, ეჭვობენ, რომ შეზღუდვების რეალური მიზეზი ბაქოში გუშინ მომხდარი ინციდენტია.
თავში ვწერდით, ტრადიციად იქცაო. ერთი კვირის წინ, "ჩიხურა" - "ბურსას" მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა მუმლაძემ უხამსი ჟესტით აღნიშნა გამარჯვების გოლი თურქი გულშემატკივრის ტრიბუნასთან. ამ ფაქტმა თურქი გულშემატკივარი და ფეხბურთელები გააღიზიანა, რის შემდეგაც ორივე გუნდის ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მანამდე კი იმავე გულშემატკივრის ტრიბუნიდან, რომლებმაც გუშინ ბანერი გამოფინეს "ნეფთჩის" სტადიონზე, "ბურსას" ფეხბურთელს ბოთლები და სხვადასხვა ნივთები დაუშინეს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება თუ ქართველი გულშემატკივარი გაანალიზებს (ამაში ხელს კლუბიც შეუწყობს) და მიხვდება, რომ მსგავსი საქციელი პირველ რიგში, მათ საყვარელ გუნდს ავნებს. მით უმეტეს, რომ მსგავსი დაუფიქრებელი ქმედებით შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებთან საკუთარ ქვეყანას შეუქმნას პრობლემები. ახლა საინტერესოა, თუ როგორ წარიმართება საზღვარზე მდგომარეობა და უკავშირდება თუ არა გუშინდელი ინციდენტი საზღვარზე პრობლემების წარმოქმნას.
ლექსო ნაბახტეველი, Ambebi.ge
ნახეთ ვიდეო | რუკის გამო ჩიხურასა და ნეფთჩის ფანებმა იჩხუბეს