ორი კვირის წინ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. საქმე ჯერჯერობით ძიებაშია. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - იმედია, გამოძიება ბურუსით მოცულ საქმეს ფარდას ახდის. ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე გამორიცხავდნენ, ვინაიდან ეროსი კიწმარიშვილს საკმაოდ ბევრი გეგმა ჰქონდა სამომავლოდ და არც ისეთი ნატურა ყოფილა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა...
ნათია კობერიძე ''რუსთავი 2''-ში გახსნის დღიდან მუშაობდა. ჟურნალისტი ერთ დღეს შემთხვევით მეტროში ეროსის შეხვდა და იმ დღემ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ნათიას, ეროსი კიწმარიშვილის ცხოვრების ის მნიშვნელოვანი დეტალები გაეხსენებინა, თუ როგორ იქმნებოდა ''რუსთავი 2''.
''წელიწადზე მეტი გასულა, ხელფასები არ გვქონია''
- ნათია, რამდენი წლის იყავით, ეროსი კიწმარიშვილი რომ გაიცანით?
- ეროსის ძმა, ზურა კიწმარიშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარია, 19 წლის ვიყავი, ეროსი რომ გავიცანი. წარმოშობით ერთი ქალაქიდან ვართ, რუსთავი კი პატარა ქალაქია. მაშინ ეროსის ჯერ არ ჰქონდა ტელევიზია. ექიმი, მთამსვლელი გახლდათ, ბევრი იდეა ჰქონდა და ეტყობოდა, რომ საინტერესო ადამიანებს ეძებდა. მაშინ მეც სამედიცინოზე ვსწავლობდი და მისგან ქება დავიმსახურე, როდესაც ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ გაიგო. მახსოვს, მისი სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განათლებული, არაორდინარულად მოაზროვნე ადამიანი გახლდათ. იმ დროისთვის წარმატებული...
ამის შემდეგ ერთი წელი გავიდა, მე ისევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი - შემდეგ სწავლა მივატოვე. ერთ დღეს ეროსი შემთხვევით მეტროში შემხვდა და მითხრა, ტელევიზიას ვაკეთებ და მოდი, ჩემთან იმუშავეო. იმ დროს ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, თუ ახლობელი არ გყავდა, ტელევიზიაში ვერ იმუშავებდი. მახსოვს, ეროსის ვუთხარი, კომპიუტერის სწავლას ვაპირებ და იქნებ, კომპიუტერზე მაინც მამუშაო-მეთქი. რა კომპიუტერი, ეთერში იჯდები და ჟურნალისტი იქნებიო. ტელევიზიის გაკეთების შემდეგ მუშაობა დავიწყე, ოღონდ ყველა თანამშრომელი გასაუბრებას გადიოდა. ასევე ყველას ჰქონდა გამოსაცდელი ვადა. ეროსის მანამდე პროფესიონალ ჟურნალისტებსა და ფსიქოლოგებთანაც კი ჰქონდა კონსულტაცია გავლილი და ადამიანებს გარკვეული ნიშნით აკვირ-დებოდა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ რა ნიშნით შეგარჩიათ, გარეგნობა, ცოდნა?
- ალბათ, ყველაფერი ერთად, ამბობდა, რომ ბევრი უნდა გვემუშავა საკუთარ თავზე. ის, რაც ეროსიმ გააკეთა, პირველ რიგში, რუსთავისთვის იყო უდიდესი გარდატეხა. მთელი ქალაქი საღამოობით ''კურიერს'' ელოდებოდა. ტელევიზია პოპულარული ძალიან მალე გახდა. პარალელურად ''პირველ არხზე'' ვმუშაობდი, იქაც შემთხვევით მოვხვდი, ქუჩაში გამაჩერეს და მიმიწვიეს. იქ შემეცნებითი გა-დაცემა მიმყავდა და ამიტომ ინტერესთა კონფლიქტი არ ყოფილა. ''რუსთავი 2''-ში მაშინ ხელფასი არ მქონდა. წელიწადზე მეტი გასულა, ხელფასები არ გვქონია, მაგრამ ყველა ბოლომდე ვმუშაობდით. ეს არც გვწყინდა, ყველა ერთნაირ პირობებში ვიყავით, ხელფასი არც ტელევიზიის ხელმძღვანელებს ჰქონდათ და როგორც კი პატარა ფული უჩნდებოდათ, მაშინვე თანამშრომლებზე ნაწილდებოდა.
იხილეთ გაგრძელება