რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს - ეს მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისა და თვით პოლიტიკური წრეებისთვისაც კი. ინფორმაცია გუშინ, საღამოს, სააგენტო ”რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეჩერებას ითვალისწინებს. პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე - ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან. შეგახსენებთ, რომ ორმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 1994 წელს მიაღწია და ეს რეჟიმი უკვე ოცი წელია არ შეცვლილა. bpn-თან საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური მოტივის პოვნა ამ გადაწყვეტილებაში შეუძლებელია.
გიორგი აბაშიშვილი: ”რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება? - ამის თაობაზე ჯობს თავად რუსეთის წარმომადგენლებმა ისაუბრონ. ალბათ ისინი უკეთ იტყვიან, რამ გამოიწვია ამგვარი პროექტის შემუშავება ფორსირებულ რეჟიმში. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის წარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძისა და ბატონ კარასინის შეხვედრაზე მსგავსი საკითხი არც წამოჭრილა და არც განხილულა. როგორც ვიცი, კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე არავის უთქვამს, რომ ასეთი გადაწყვეტილების პროექტს ამზადებდნენ, რაც მოულოდნელობის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს.
-ხომ არ დააჩქარა ეს ნაბიჯი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან შედის?
- ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმება არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთის ფედერაციას. პირიქით, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ საქართველომ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია უნდა აწარმოოს და უფრო მკაცრად უნდა მოეკიდოს პროდუქციის წარმოშობის საკითხს. თავისუფალი ვაჭრობა არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნიდან პროდუქცია გაუკონტროლებლად გავა რუსულ ბაზარზე. მით უმეტეს, საქართველოს მიერ ყველა წესი, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები მოითხოვს, როგორც რუსეთთან, ასევე ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, აბსოლუტურად დაცულია. საქართველო მოქმედებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად. შესაბამისად, არანაირი მიზეზი არ ჩანს, რომ ჩვენ რაღაც ფორმით ბიძგი მიგვეცა თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის გადახედვისათვის. შესაბამისად, ძალიან ძნელია გავიგოთ, რატომ მიიღეს რუსეთის ფედერაციაში ასეთი გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ჩვენ ნებისმიერ სავაჭრო პარტნიორთან მიღებულ ყველა წესს აბსოლუტურად ვიცავთ, ამიტომ, ძალიან გვიჭირს ამ გადაწყვეტილებაში ეკონომიკური მოტივები დავინახოთ.
-ბევრი ფიქრობს, რომ ეს იმ სანქციების ბრალია, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა.
- ამის თაობაზე მე ვერაფერს ვიტყვი, ჯობია ამაზე რუსულმა მხარემ ისაუბროს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, იმიტომ, რომ საქართველოს სტაბილური განვითარებისათვის სტაბილური პარტნიორები სჭირდება. იგივეს თქმა შეიძლება ქართულ ბიზნესზე, რომელიც სტაბილური შემოსავლისათვის გასაღების სტაბილურ ბაზრებს საჭიროებს.
-ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა კითხვა - ხომ არ შეიზღუდება ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში?
-რაიმე სახის პროდუქციის შეზღუდვაზე, ან აკრძალვაზე ამ პროექტში ლაპარაკი არ არის. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ადრე ქართული პროდუქცია დაუბეგრავად შედიოდა რუსულ ბაზარზე, ახლა უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადავა და გარკვეულ სატარიფო შეზღუდვებს დაექვემდებარება. ამ ეტაპისათვის ასეა, ყოველ შემთხვევაში, ეს პროექტი გვეუბნება, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეჩერდა...