მოსკოვში სოსო ორჯონიკიძის სახელი თითქმის ყველას სმენია - წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ამბობენ, ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანიაო, თუმცა მისი რეალური ქონების შესახებ ცოტამ თუ იცის. რუსული პრესა მას ოფიციალურ მილიონერებს შორის ასახელებს, ქართულმა მედიამ კი რამდენიმე წლის წინ მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა.
სოსო ორჯონიკიძის ქონება ალბათ, რუსეთში ნაშოვნი მილიარდების "ტრადიციული ისტორიის" ნაწილია, რომლის მთავარი დეტალები როგორც წესი, უცნობია და ბევრ შეკითხვას აჩენს. თუმცა, რუსეთში სოსო ორჯონიკიძის მილიარდიანი ქონების დაგროვებას ხშირად უკავშირებენ "ინოვაციური საწარმოების კავშირის" პრეზიდენტობას, რომლის პოსტიც ორიოდე წლის განმავლობაში ეკავა, შემდეგ კი სხვადასხვა ბიზნესაქტივობას ეწეოდა.
"თავდაპირველად რომ დავინახე, - იხსენებს ერთ-ერთი ჟურნალისტი, - მეგონა, ჩემს წინ ნამდვილი დონ კორლეონე იდგა. თუმცა, მასთან რამდენიმესაათიანი საუბრისა და მისი ახლოს გაცნობის შემდეგ, მივხვდი - საქმე საოცრად დელიკატურ და ფრთხილ ადამიანთან მქონდა".
იოსებ, იგივე სოსო ორჯონიკიძე 1948 წელს ბორჯომში, ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში დაიბადა. ბორჯომის სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც ინჟინერ-მექანიკოსის განათლება მიიღო. მოგვიანებით, მისი თანაკურსელები გაიხსენებენ, რომ სოსო ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული და მოწესრიგებული სტუდენტი იყო კურსზე.
ინჟინერ-მექანიკოსის დიპლომის მქონე მომავალი მილიარდერის პირველი სამსახური თბილისის ავიამშენებელი ქარხანა იყო, სადაც სულ მალე კომკავშირის განყოფილების თავმჯდომარე გახდა. რამდენიმე ხანში ბორჯომელი ინჟინერი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის რეკომენდაციით მოსკოვში, ინსტრუქტორის თანამდებობაზე გადაჰყავთ. მოსკოვში გამოცდილებამიღებულ იოსებ ორჯონიკიძეს კი ისევ თბილისში აბრუნებენ და კომკავშირული კომიტეტის პირველ მდივნად ნიშნავენ.
რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებლად მოსკოვის მომავალი ვიცე-მერი 80-იანი წლების დასაწყისში გადავიდა. რუსეთში დამკვიდრებულმა ქართველმა ჩინოვნიკმა საბჭოთა "პერესტროიკის" შემდეგ მოსკოვის მერიაში დაიწყო მუშაობა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურებში ეკავა მაღალი თანამდებობები. სწორედ მერიაში მუშაობისას დაუახლოვდა ის მოსკოვის ყველაზე ცნობილ მერს, იური ლუჟკოვს, რომელმაც მოგვიანებით სოსო ორჯონიკიძე თავის მოადგილედ დანიშნა.