საქართველოში რამდენი მთავრობაც არ უნდა შეიცვალოს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ბევრ კარგსა და ცუდზე ისაუბრებენ. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი სოციალური ქსელია, სადაც ყველაზე და ყველაფერზე შეიძლება თამამად გამოთქვა აზრი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად ჩანახატებსაც კი უძღვნის, ხანაც ზღაპარში მოგზაურობენ.
უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი, ფეისბუქის გვერდზე "ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყანისა და ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტის" შესახებ წერს.
"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყანა, სადაც მოვიდა ერთი ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტი და ააშენა და დაამშვენა. ეს ვერ აიტანა ბოროტმა მეზობელმა, რომლის დავალებითაც ერთმა ადგილობრივმა ოლიგარქმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც რეფორმატორმა პრეზიდენტმა კი ჩაახშო გმირულად, მაგრამ ერთ-ორი გადამტრიალებელი შემოელახათ ცოტა ზედმეტად. ჰოდა, რეფორმატორმა პრეზიდენტმა, მომეჭრა თავი, ეს როგორ დამემართაო, თქვა და გადადგა. მართალია, ხალხმა კი აირჩია მეორედ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში, მაგრამ მოისვენა ბოროტმა მეზობელმა? ჯერ იყო და ომი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები და ჩამოხსნილი ნიღაბი შერჩა ხელთ, პრეზიდენტს კი ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრა. მოკლედ, დამარცხდა და დარჩა პირშიჩალაგამოვლებული. რამდენჯერმე კიდევ სცადა არეულობის მოწყობა, თუმცა ამაოდ და ბოლოს მეორე ოლიგარქი გამოიყვანა სცენაზე, რომელმაც იყიდა ხალხი, დადგა სპექტაკლი, ვითომ ციხეში აწამებდნენ ხალხს, გადარია ეს ბნელ-სკვარამში ჩარჩენილი მენტალიტეტის მქონე ჯგრო და რეფორმატორმა პრეზიდენტმაც, აქაოდა ხალხის ნება ჩემთვის უზენაესიაო, დიდსულოვნად დათმო არჩევნები და ჩააბარა მთავრობა ბოროტი მეზობლის მიერ შემოგზავნილი ოლიგარქის ნაყიდ პოლიტიკანებს (ისე, ჩვენში დარჩეს და რამ გამოაქლიავა? ამათი მოშვება იქნებოდა ღუმელთან? რედ. შენიშვნა). თუმცა, რად გინდა? დაგიფასა ვინმემ? და ახლა ეს მეორე ოლიგარქი ცდილობს პირველი ოლიგარქის მიერ მოწყობილი შეთქმულების ჩახშობისთვის გაასამართლოს დემოკრატიული არჩევნების გზით წასული რეფორმატორი პრეზიდენტი.
ციკლიდან "საქართველოს მიშისტური ისტორიის მოკლე კურსი"
P. შ. ჰოდა, ახლა მე რა მინდა ვთქვა: აი, არ ვიცი რა დავარქვა ადამიანს, ყველაფრის ამის რომ მართლა სჯერა - ბედნიერი თუ უბედური, უბრალოდ წმინდა ტექნიკურად როგორაა შესაძლებელი ზემორე ამბავი გჯეროდეს, ის არ მესმის არანაირად. არადა, დაჯერებით ხომ სჯერათ და ხვალ რომ დააბრუნო ხელისუფლებაში, მთელი ეს ბოდვა სრულიად სერიოზულად იქნება საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაწერილი და თან სავალდებულო საგნად სასწავლი...
არა, ასე რომ არ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ასე რომ არის? - წერს დავით ზურაბიშვილი.