გია სურამელაშვილს ინტერვიუსთვის სწორედ მაშინ შევხვდით, როცა გასამგზავრებლად ბარგს მანქანაში ალაგებდა. მომღერალი ათი დღე ქობულეთში ერთ-ერთ რესტორანში იმღერებს. საკმაოდ პრეტენზიულ მომღერალს რესტორნის მენეჯერი ქობულეთში სხვა კომფორტთან ერთად თურმე პირად დაცვასაც ახვედრებს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა მანქანის მართვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მომღერალთან სხვა საინტერესო თემებზეც ვილაპარაკეთ.
ჩემს ბედზე, ვიღაც კაცს გულმა დაარტყა საჭესთან, ჩემი გზა იყო, მაგრამ ვერ გააკონტროლა შემხვედრმა და შევეჯახეთ.
''ხალხი ჩემს დანახვაზე ყვირის, ქვეყანა ჩემი მგონია''
- გია, პირველად საჭეს რა ასაკში მიუჯექი?
- ძალიან პატარა. მამაჩემს ყოველთვის კარგი მანქანა ჰყავდა, მოდური, მაგრამ არასდროს მქონია მანქანის მართვის ინტერესი. ერთხელ სოფელში დამსვა საჭესთან, მაშინ შვიდი წლის ვიქნებოდი და ხეს დავეჯახე. არ დავზიანებულვარ, მაგრამ შემეშინდა და საჭესთან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვჯდებოდი. ყოველთვის მემსახურებოდა მანქანა, მძღოლი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არც მანქანის ყიდვის სურვილი მქონია და არც მართვის სწავლის. დაახლოებით 7-8 წლის წინ მაჩუქეს პირველი მანქანა.
- ვინ გაჩუქა?
- შავი სამყაროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. წლების წინ ის ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. საქართველოში რომ ჩამოვიდა, მეგობრებმა სიურპრიზი გაუკეთეს, ფული გადამიხადეს და ჩამიყვანეს ქუთაისში. არ ვიცი, ლაპარაკს მოჰკრა ყური, თუ როგორ გაიგო, გაოცებულმა მკითხა, გია, შენ რა, მანქანა არ გყავსო? არა-მეთქი, ვუპასუხე. მაგარი ''ბუხოი'' ვარ, უკვე ნამღერი მაქვს, ფულიც გადახდილი აქვთ. ჩემ თვალწინ აიღო ტელეფონი, დაურეკა ვიღაც ვაჭარს, რომელიც მანქანებს ყიდდა და ეუბნება, ხვალ შენთან მოვა გია სურამელაშვილი და რომელ მანქანასაც დაადებს ხელს, ის გაატანე, ფულს მე ვიხდიო. გამოვშტერდი, მეგონა, სიზმარში ვიყავი.
მივედი მეორე დღეს იმ კაცთან. ჰყავდა ორი ჯიპი, ჩემს ბედზე ორივე გაყიდული, და ძალიან მაგარი ოქროსფერი ''მაზდა'', ოქროსფერივე სავარძლებით. წამოვიყვანე ეს ''მაზდა'' და წამოვედი. რვა ათასი დოლარი გადაიხადა იმ კაცმა. ამ მანქანის ხათრით გადავწყვიტე მართვის სწავლაც. წავიყვანე ჩემი მძღოლი და წავედი თბილისის ზღვაზე. დავარტყი ერთი წრე, ორი და ისეთ მუღამში შევედი, ზღვიდან პირდაპირ ქალაქში წამოვედი.
- მართვის მოწმობა არ გქონდა?
- რად მინდოდა მართვის მოწმობა, სულ ''პრავა'' არა ვარ, ეს ანგელოზივით, შხვართი ბიჭი ვზივარ მანქანაში, ჩართული მაქვს ჩემი სიმღერები, აწეული ბოლო ხმაზე. ხალხი ჩემს დანახვაზე ყვირის, ქვეყანა ჩემი მგონია (იცინის). საჭესთან აქამდე არავის ვენახე. მოკლედ, მაგრად დამევასა საჭესთან ჯდომა. მის მერე ორი თვე ვმართავდი მანქანას მართვის მოწმობის გარეშე.
ერთხელ მძღოლმა მთვრალი მომიყვანა სახლში, სადაც კვლავ გავაგრძელეთ დალევა და თვითონ წავიდა. ცოტა ხანში ჩემი დაქალების წაყვანა მოვინდომე სახლებში. ჩავჯექი მანქანაში მართვის მოწმობის გარეშე, თან მთვრალი და წავედი. ერთი მივიყვანე სახლში, მეორე მიმყავს და მუშთაიდის ბაღთან, ჩემს ბედზე, ვიღაც კაცს გულმა დაარტყა საჭესთან, ჩემი გზა იყო, მაგრამ ვერ გააკონტროლა შემხვედრმა და შევეჯახეთ. მას მერე მანქანის მართვის ისევ შემეშინდა…. მერე ერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა მიყიდა თაგვისფერი ''პრადო''. საქართველოში გავიცანი, სხვათა შორის. თვითონ არ წამოსულა ბაზრობაზე, თავად აარჩიეო, მითხრა. 25 ათასი დოლარი ღირდა მანქანა და ისე გადავეკიდე გამყიდველებს, ჩვიდმეტი ათასად ვიყიდე.
- ვაჭრობაც გამოგდის ხომ?
- გამომდის ის სიტყვა არ არის (იცინის).
იხილეთ გაგრძელება