გაზეთი "ვესრსია" საპარლამენტო უმრავლესობის წევსრ, ლევან ბერძენიშვილს სხვა საკითხებთან ერთად ეროსი კიწმარიშვილის საქმეზეც ესაუბრა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:
- მთავრობაში ცვლილებებს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება უსწრებდა. ეს ფაქტი ქართულ პოლიტიკაში რას შეცვლის?
- ეროსი კიწმარიშვილი მედიაში უნიჭიერესი ადამიანი იყო - ჰქონდა უნარი, ჩვეულებრივი ადამიანები პროფესიონალ ჟურნალისტებად ექცია. რაც შეეხება პოლიტიკას, არ მგონია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყო. მისი შემოქმედების მწვერვალი "რუსთავი 2-"ია, რომელიც ვერც "მაესტროში" და ვერც სხვაგან ვეღარ გაიმეორა. ქართული პარტიაც მეათეხარისხოვანი პოლიტიკური ძალა იყო.
- "ვარდების რევოლუციაში" ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა? ისე, ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი და ეროსი კიწმარიშვილი უცნაურად გარდაიცვალნენ...
- რევოლუციური ხუთეულიდან, რომელიც კულისებში იყო, პოლიტიკაში ერთიც არ დარჩა. არავინ უარყოფს "ვარდების რევოლუციაში" ეროსი კიწმარიშვილის დამსახურებას, მაგრამ თავად ეროსის ამ კუთხით გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა. კი ბატონო, ტელევიზიის როლი დიდი იყო, მაგრამ რევოლუციაში სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანი გახლდათ - მიხეილ სააკაშვილი და ხალხი, თუმცა "ვარდების რევოლუციის" ეპოქაც დასრულდა.
- რას გულისხმობთ კიწმარიშვილის გადაჭარბებულ წარმოდგენებში, ვინმესგან რევოლუციაში მონაწილეობისთვის თნახას ითხოვდა?
- ეროსი მიიჩნევდა, რომ "ვარდების რევოლუცია" მან მოაწყო, პირადად მე კი, ვფიქრობ, ეს პროცესია, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. ეროსისნაირი ადამიანები თავის როლს ყოველთვის გაზვიადებულად ხედავენ. "ვარდების რევოლუციის" სახელწოდება, დასავლეთიდან მომავალი მანქანების გრძელი კოლონის კადრი, მიხეილ სააკაშვილი ვარდით ხელში - ყველაფერი ეს ეროსიმ შექმნა. იგი "რეჟისორ პასტანოვშიკი" იყო, თუმცა, თუ მოქმედება არ ხდება და პიესა არ არის, რეჟისორი მთავარ ფიგურად ვერ ჩაითვლება. დაპირისპირების დეტალები არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას კონტროლირებადი ტელევიზია მოუნდა. ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზია გაყიდა, მაგრამ რა პირობებით, არ ვიცი.
- კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ "რუსთავი 2" წაართვეს და თანხაც არ აუღია.
- ეროსის ფული მისცეს, მაგრამ შესაძლოა, მის მიერ მოთხოვნილთან შედარებით, არაადეკვატური მცირე თანხა შესთავაზეს. ეროსი კიწმარიშვილს კი არა, ტელევიზია ქიბარ ხალვაშს წაართვეს. ეროსი აშშ-ში წავიდა და თავს კარგად გრძნობდა, ფინანსურად არასოდეს გასჭირვებია და ისეთი ადამიანი იყო, ფინანსურ პრობლემას არც შეიქმნიდა.
- კიწმარიშვილის მემუარებიდან ჩანს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონ ლარს დაპირდა, ეს თანხა კი მერაბიშვილმა აიღო. ამ ვერსიას იზიარებთ?
- არ ვიცი, არ მახსოვს... ამ საქმით არასდროს ვინტერესდებოდი. მართალია, ეროსის გამარჯობა-ნახვამდის დონეზე არ ვიცნობდი, წლების განმავლობაში, ერთმანეთთან შეხება გვქონდა, მაგრამ "რუსთავი 2"-ზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ეროსი კიწმარიშვილის საქმე გამოუძიებელი არ დარჩება. ვინც მას იცნობს, ყველა ამბობს, რომ თავს ვერ მოიკლავდა... თვითმკვლელობის ვერსიის დაჯერება მეც მიჭირს, მაგრამ, თუ გამოძიება იტყვის, თავი მოიკლაო, ამის წარმოდგენა შემიძლია, თუმცა შესაბამისი და დამაჯერებელი მტკიცებულებებიც უნდა ვიხილოთ... იმდენი ვერსია გავრცელდა, მართლა ვერ ვხვდები, რა მოხდა. არ დაგვავიწყდეს, საქართველო ის ქვეყანაა, ეროსი კიწმარიშვილი კი არა, ქუჩაში გალაკტიონ ტაბიძე სცემეს. თუ მოტივებზე ვისაუბრებთ, ამ ქვყანაში 20 ათასის გულისთვისაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა და ხუთი ლარისთვისაც.
- არ ფიქრობთ, რომ გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიას, ნუგზარ საჯაიას და ეროსი კიწმარიშვილის საქმეები ერთმანეთს ჰგავს? საეჭვო გარემოებების პარალელურად, ყველა მათგანში ყოფითი პრობლემა დასახელდა...
- როცა ადამიანი კვდება, ეს ტრაგედია და კატასტროფაა, მით უმეტეს, თუ საუბარია ისეთი ტიპის ადამიანზე, როგორიც ეროსი კიწმარიშვილი იყო. მასში სიცოცხლე ჩქეფდა. სანაიას საქმე გახსნილად ითვლება, თუმცა ყოველთვის რჩება კითხვები. ჟვანიას საქმე გახსნილი არ არის, იგი პრემიერი იყო და გამოძიებაც საკითხს დიდი სიფრთხილით უდგება. დარწმუნებული ვარ, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გახსნის შემდეგაც, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება და გამოძიების შედეგებს არ დაეთანხმება, მაგრამ ეს ბუნებრივია. გიორგი სანაია იმის გამო არ მოუკლავთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. დაახლოებით ვიცით, რა მოხდა, საშინელი საქმე იყო, მაგრამ მას სერიოზულ რანგში ვერ ავიყვან და ვერ ვიტყვი, რომ სანაიას მკვლელობაზე ორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა იმუშავეს.
- გიორგი სანაიას მკვლელობამ მთელ საქართველოში არსებული უკმაყოფილების მობილიზება შეძლო. დღეს კი, მისი ძმა აცხადებს, რომ კიწმარიშვილმა ამ მკვლელობის საიდუმლო იმქვეყნად წაიღო.
- გეთანხმებით, ხალხზე, მათ შორის, ჩემზეც იმოქმედა. გიორგის ახლოს ვიცნობი, მაგრამ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი კვალიფიკაცია ვერ სწვდება. მყავს მეგობარი, რომელმაც ყველაფერი იცის. ახლაც მეუბნება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე აშშ-ს გაკეთებულიაო, მაგრამ...
- ამ ვერსიას გამორიცხავთ?
- თუ ეს შეკვეთილი მკვლელობაა, ამ დონის "ქილერი" საქართველოს არ ჰყავს ანუ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ჩამოვიდა, ეროსი კიწმარიშვილს ისე დაუმეგობრდა, მანქანაში ჩაუჯდა და მოკლა. თეორიებით ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სპეცსამსახურს იმიტომ ჰქვია სპეცსამსახური, რომ მისი ხელი საქმეში, როგორც წესი, არ ჩანს. ვფიქრობ, გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
რუსუდან შელია
გაზეთი "ვერსია"