2014 წელი ბავშვთა დაცვის წელია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, საქართველოში ჩვილების უფლებები დაცული არ არის და საქართველოდან მათი გაყვანის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. ამას ადასტურებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებიც. რამდენიმე თვის წინ საქმეში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ჩაერთო და საქართველოს მთავრობას მიმართა, დროულად მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება და მისი გამოძიება. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო წლებში აღნიშნული ფაქტის 20-მდე შემთხვევა გამოვლინდა, საქმეში კი კონკრეტული პირები იკვეთება. რა სქემით ხდება ჩვილების გაშვილება უცხოეთის მოქალაქეზე, ამის შესახებ Ambebi.ge-ს საიას იურისტი მაია ხუციშვილი ესაუბრება:
– ქალბატონო მაია, რა სქემით ხდება ჩვილების გაშვილება უცხოეთის მოქალაქეზე?
– ჩვენი კვლევის მიხედვით სქემა არის ასეთი, ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით, მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში. ამის შემდეგ სუროგატი დედა მალავდა, რომ სუროგაციის გზით აჩენდა ბავშვს, მას აფორმებდნენ ბიოლოგიურ დედად, აიძულებდნენ ნოტარიუსთან უარი ეთქვა დედობაზე და მამად დაესახელებინა ის უცხოელი მამაკაცი, რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი. არასრულწოლავნის საზღვარზე გადაყვანა ორი ბიოლოგიურ მშობლის ნებართვის გარეშე კანონდარღვევაა. ჯანმრთელობის დაცვის 143-ე კანონში წერია, რომ სუროგატ დედას არ აქვს ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. ის დაბადების უწყებაში დედად ვერ ჩაიწერება. იქმნებოდა ყალბი დაბადების მოწმობა, სუროგატი მითითებული იყო დედად, მამად მითითებული იყო უცხოელი მამაკაცი, რომელსაც შეუძლია გაიყვანოს ბავშვი ქვეყნიდან. ნაყოფის მატარებელი არ შეიძლება ბოლოგიური დედა იყოს. სუროგატ დედას ბავშვზე არანაირი უფლება არ აქვს.
– როდიდან ფიქსირდება მსგავსი ფაქტები საქართველოში?
– როგორც განცხადებაში არის აღწერილი, მსგავსი ფაქტები 2012–2013 წლიდან იკვეთება.
– როგორც საიას ვიდეორგოლშია ნათქვამი, საქმეში იკვეთება კონკრეტული პირების დანაშაული, ვინ არიან ეს ადამიანები?
– არ შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს ეს, ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით ხდება ეს და ამიტომ ვითხოვთ კვალიფიკაციას მეორე ნაწილით. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლით. ეს არის სახელმწიფო საზღვარზე ჩვილის უკანონო გადაყვანა ყალბი საბუთის საფუძველზე. თავდაპირველად ამაზე არ იწყებოდა გამოძიება. არსებობს პროკურატურის 2013 წლის 17 მაისით დათარიღებული წერილი, სადაც წერია, რომ გამოძიება შეწყვეტილია, რადგან 344-ე მუხლის პირველი ნაწილი იქნა ამნისტირებული. საია თვლის, რომ კვალიფიკაცია შესაძლოა არასწორი იყოს. შესაძლოა, სამშობიარო სახლებიდანაც ხდებოდეს სუროგაციის დამალვის მიზნით საბუთების გაყალბება, ასევე ვფიქრობთ 344 მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირდეს საქმე, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ზიანს. მნიშვნელოვანი ზიანი კი შეფასებითია. ეს შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი ზიანი სახელმწიფოსთვის, თუნდაც მშობელისთვის. ამ შემთხვევაში ამნისტიას არ დაექვმდებარებოდა, რადგან მძიმე დანაშაულად ჩაითვლებოდა.
– ამბობენ, რომ გეი წყვილებზე ხდება ჩვილების გაშვილება...
– ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს. ჩვენ თავდაპირველად ინფორმაცია და ფაქტები მოგვაწოდა "მომავლის იმედის" ხელმძღვანელმა. ქალბატონი თამარ ხაჭაპურიძე ერთხელ იყო მოსული კონსულტაციაზე. მან მოიტანა საქმის მასალები, მაგრამ კონკრეტულ მშობლებზე იყო თუ არა საუბარი, ვერ გეტყვით.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge