იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კოტეჯების მშენებლობის დროს მითვისებულ 5 მილიონთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ კობა სუბელიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობა სუბელიანი დაინტერსდა, თუ როგორ აპირებს მთავრობა 50 ათასი დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა კობა სუბელიანს შეახსენა, რომ მისი მინისტრობის დროს დევნილების დასახმარებლად ბიუჯეტში 25 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ახალმა მთავრობამ კი ეს თანხა 50 მილიონამდე გაზარდა.
"ჩვენ ვგეგმავთ მომავალ წელს გავზარდოთ დევნილების დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები. რაც შეეხება წეროვანს და სხვა დასახლებებს, თქვენთვის ნამდვილად არ არის საამაყო ომის შედეგით გამოწვეული ათასობით დევნილის დასახლება, ეს არ უნდა იყოს დასაყვედრებელი, ეს არის სირცხვილი. აყვედრით, რომ იძულებით გაადადგილებულებს აუშენეთ სახლები, კოტეჯები. ისინი დღესაც ცხოვრობენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. უფრო მეტს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება თუ როგორ მიითვისა მთავრობამ ამ კოტეჯების მშნებლობიდან 5 მილიონი ლარი, ეს არის სირცხვილი და არ არის საამაყო", - აცხადებს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, რამდენიმე ათას დევნილს უკვე გადაეცათ საკუთრებაში ბინები.
"თქვენ დაუკანონეთ 14 ათას კაცს ის ბინები, რომელიც მათ შევარდნაძის დროიდან ჰქონდათ სარგებლობაში. ჩვენ გავაორმაგეთ ბიუჯეტი და იმ ფარგლებში, რაც ჩვენ შეგვიძლია, რომ განვახორციელოთ, ვახორციელებთ ყველაფერს, 2 ათასამდე ოჯახს გადაეცათ ბინები, წლის ბოლოს ათასზე მეტს გადაეცემა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.