ზესტაფონში გუშინ საღამოს ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მოქმედი პოლიციელია. დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
წყვილი ერთმანეთს დაშორებული იყო და დიდი ხნის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდა. გოგონას ახლობლების ინფორმაციით, მათი ოჯახური ცხოვრება წლების წინ დაიწყო, როდესაც ზესტაფონში ლამაზი, ახალგაზრდა გოგონა სალომე ჯორბენაძე ბიჭმა მოიტაცა. სალომეს მაშინ სკოლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული. გოგონა სახლში აღარ დაბრუნებულა. მათ ვაჟი შეეძინათ. ქმრის ეჭვიანობის გამო, მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სალომემ შვილი მშობლებთან დატოვა, თბილისში ჩამოვიდა, ახლობლის სახლში დაბინავდა და უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტმა სახელმწიფო გრანტიც აიღო. ახლობლები ყვებიან, რომ პოლიციელ ქმარს მასთან შერიგება სურდა, თუმცა ყოფილი ცოლი ამის წინააღმდეგი იყო. როგორც სალომეს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, გოგონა მოდელობითაც იყო გატაცებული.
გუშინ სალომე ზესტაფონში მშობლებთან და ბავშვთან იმყოფებოდა. როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, მკვლელობა ზესტაფონის ცენტრალურ პარკში, ხალხის თვალწინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ზესტაფონში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით პირი უკვე დააკავეს.
ნატალია დადიანი
ambebi.ge