ინსტაგრამში გამოჩნდა რამდენიმე ფოტო, სადაც ქალაქ დონეცკის ოლქში მცხოვრები ქალი საკუთარი შენაძენით იწონებდა თავს - უცხოური წარმოების წამწამების ასაპრეხი საცხით, რომელიც მას შემდეგ აღმოჩნდა მის ხელში, რაც რუსმა ტერორისტებმა ბოინგი 777 ჩამოაგდეს.
ქალმა თავის ინსტაგრამის გვერდზე დადო ფოტოები როგორც საცხის ფლაკონით ხელში, ისე მისი გამოყენების შემდეგ მიღწეული შედეგის დემონსტრირებისათვის. ფოტოებს ასეთი კომენტარი მიაწერა: "ნაცნობმა მოროდიორმა მომიტანა". თავად ის სეპარატისტია, რომელსაც "ყველაფერი უკრაინულისგან გული ერევა და აცოფებს".
უკრაინელმა ინტერნეტ მომხმარებლებმა გაარკვიეს, რომ ქალბატონს ეკატერინა პარხომენკო ქვია და მართლაც დონეცკის ოლქში ცხოვრობს.
თუმცა ეს დაღუპული მგზავრების ნივთების მითვისების ერთადერთი შემთხვევა არაა. დაღუპულთა ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გარდაცვლილთა ტელეფონის ნომერზე დარეკვისას, მათ ის ადამიანები პასუხობენ, ვინც ტრაგედიის ადგილიდან ტელეფონები მოიპარა. მოპარული საკრედიტო ბარათებითაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ტრაგედიის მსხვერპლთა საბანკო ანგარიშიდან ფულის მოხსნას ცდილობდნენ.